18 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
სერგეი ლავროვის თბილისში ვიზიტის ასარიდებლად ოპოზიცია ხელისუფლებას სხდომის სტრასბურგში ჩატარებას ურჩევს

ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის დელეგაციას, რომელიც საქართველოში მაისში ჩამოვა, ჯერჯერობით უცნობია.

იმ შემთხვევაში, თუ დელეგაციას უხელმძღვანელებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული, ოპოზიცია უპრეცედენტო მასშტაბის პროტესტს აანონსებს. 

"ლავროვის ვიზიტი იქნება ძალიან სერიოზული პრობლემის შემქმნელი, ვინაიდან ლავროვი არის ადამიანი, ვინც უკვე 12 წელია პირადად მონაწილეობს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საერთაშორისო აღიარებაში და ვინც უკვე 12 წელია პირადად ებრძვის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აქუცმაცებს ჩვენს ქვეყანას. ამიტომ, ასეთი ადამიანის საქართველოში შემოშვებას, რა თქმა უნდა, მოჰყვება ძალიან დიდი უკმაყოფილება და სრულიად ლეგიტიმური, უმწვავესი პროტესტი საზოგადოების მხრიდან"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ქართულმა მხარემ უნდა მოიშველიოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც კრძალავს საქართველოს ტერიტორიაზე იმ პირის შემოშვებას, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებს და ამის საფუძველზე არ დაუშვას სერგეი ლავროვის ვიზიტი საქართველოში. 

"თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკური მდივნის ნინო გოგუაძის მოსაზრებით, სიტუაციიდან ერთ-ერთი გამოსავალი, სხდომის, თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარებაა.

"რაც შეეხება საკითხს, შესაძლებელია თუ არა შეხვედრის სტრასბურგში ჩატარება, რასაკვირველია შესაძლებელია, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ ქვეყანას ააცილოს დესტაბილიზაციის საფრთხე და შეიძლება ამ შეხვედრის სტრასბურგში გადატანით საერთაშორისო ყურადღება კიდევ უფრო მივაქციოთ ქვეყნის ოკუპაციის საკითხს და ეს საკითხი უფრო ხმამაღლა გაისმას ევროპაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან,"-განაცხადა ნინო გოგუაძემ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

"პრობლემა არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, ერთი თემა მაინც დაძრულიყო ურთიერთობაში და რა თქმა უნდა, შესაბამისად ფონი რუსულ-ქართული ურთიერთობების არის ძალიან მძიმე. ერთი საკითხი მაინც რომ მოგვარებულიყო, რომელიც ძალიან აწუხებს ფართო საზოგადოებას და არა მხოლოდ ვიზა, მწვანილი ან თვითმფრინავი, ასეთ შემთხვევაში, საზოგადოებაც გაგებით შეხვდებოდა ნებისმიერ ვიზიტს ან მოლაპარაკებას, მაგრამ ეს არ მოხდა და ამაში ქართული მხარეა დამნაშავე," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები