03 ოქტომბერი 2024,   17:16
ვრცლად
ომბუდსმენმა ქალთა უფლებების დარღვევაზე ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, პირად კონტროლზე აიყვანოს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები. უჩა ნანუაშვილმა დღეს შრომით ურთიერთობებში ქალთა დისკრიმინაციიის შესახებ სპეციალური ანგარიში წარადგინა. ანგარიშის მიხედვით, ქალთა უფლებები საჯარო და კერძო სამსახურებშიც ირღვევა. ომბუდსმენი მთავრობას რეკომენდაციებსაც სთავაზობს. სახალხო დამცველის აპარატი ხვალ კიდევ ერთ მიმართვას გაავრცელებს, სადაც რეკომენდაციები კონკრეტული ღონისძიებების სახით იქნება ჩამოყალიბებული ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

„ხვალ ჩვენ გავავრცელებთ კიდევ ერთ მიმართვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამატებითი ღონისძიებები უნდა გატარდეს ქვეყანაში იმისათვის, რომ ეს პრობლემები რეალურად მოგვარდეს,“- განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისივე თქმით, სერიოზული პრობლემები არსებობს სამართალდამცველების მიერ არაადეკვატური რეაგირების კუთხით და სწორედ ამ მიმართულებით უნდა დაიწყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

„რეალურად პრობლემები არსებობს, მათ შორის სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობასთან დაკვშირებით. სწორედ მათი პასუხისგებლობაა, როცა საუბარი არის არაერთ ფაქტზე და რეაგირება იყო არადაეკვატური. ეს არის ის რეალობა, რომელიც უნდა ვაღიაროთ და აქედან უნდა დავიწყოთ საკითხის გადაწყვეტისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა,“ - დასძინა ომბუდსმენმა.

სახალხო დამცველთან თანამშრომლობისთვის მზად არის პარლამენტი, მიუხედავად იმისა, რომ ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვანი ცვლილებები უკვე განხორციელდა. ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის თქმით, პრაქტიკაში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად პარლამენტი მზად არის სახალხო დამცველის რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

„კანონში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ, რომელიც ქმნის იმ გარანტიას, რომ შრომით უფლებებში იყოს დაცული ქალის უფლება და არ გახდეს ის დისკრიმინაციის მსხვერპლი, თუმცა თუ პრაქტიკაში არის რაიმე პრობლემა და ამ ხარვეზის გამოსწორებისთვის დამატებით რაღაც ცვლილებაა საჭირო, ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ, რომ ამაზე ვიმსჯელოთ და გავაგრძელოთ ამაზე მუშაობა უკვე სახალხო დამცველის რეკომენდაციის გათვალისწინებით,“ - განაცხადა მანანა კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები