არაფორმალურად თუ ფორმალურად, დაგროვილ ვარიანტებს ოპოზიცია ხვალ კიდევ ერთხელ გადახედავს. შეთანხმებაზე მზაობა მათ დიპლომატიურ კორპუსს კვლავ დაუდასტურეს, თუმცა ახლა ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც კონსენსუსამდე მისვლა და საარჩევნო მოდელის საბოლოო ვარიანტის განსაზღვრა უწევთ. ციფრებზე არ საუბრობენ, თუმცა ოპოზიცია 130/20-ზე პრინციპისკენ იხრება, ხელისუფლების შემოთავაზებებში კი, სახიფათოსთან ერთად, უსამართლო მიდგომებს ხედავენ.
მმართველი გუნდისთვის, ასევე არაოფიციალურად, კომპრომისულ მოდელად რჩება 110/40-ზე, რადგან 40 მაჟორიტარული კომპონენტის კიდევ უფრო შემცირება, მათი თქმით ოლქების არაგონივრულ დაყოფას გამოიწვევს. "ოცნება" ამბობს, რომ ყველანაირ დათმობაზე წავიდა და ოპოზიციის რისკების დასაზღვევად დათანხმდა იმ პრინციპსაც, რომ მთავრობა მხოლოდ 40%-ზე მეტი მხარდაჭერის პარტიებმა დააკომპლექტონ.
ამ საკითხებზე, თითქმის 8 საათის განმავლობაში, ცალცალკე და ერთად მსჯელობდნენ გერმანიის ელჩის რეზიდენციაშიც. ჰუბერტ კნირშმა ოპონენტების აზრების დაახლოვება კოლეგებთან ერთად კიდევ ერთხელ სცადა. შეხვედრის დათქმა ის იყო, რომ მედიასთან კონკრეტულ ციფრებზე არავინ ისაუბრებდა. ამიტომ შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ნაწილმა მეტად, ნაწილმა კი ნაკლებად კატეგორიულად ძველი პოზიციები გააჟღერეს.
ყველაზე ბოლოს ელჩის რეზიდენციიდან გამოსულმა მმართველმა გუნდმა გაიმეორა, რომ თუ პროპორციულობის ნაწილში აზრთა სხვადასხვაობამ შეთანხმებას ხელი შეუშალა, გამოიძებნება ჩანაწერები, რომლებიც ამას დააბალანსებს. გარდა ამისა "ოცნებში" მტკიცედ სჯერათ, რომ აღარ რჩება მოლაპარაკებების ჩაშლის ლოგიკური საფუძველი, თუ რა თქმა უნდა, ოპოზიცია მიზეზების ძიებას არ დაიწყებს.
იქნება თუ არა მე-5 რაუნდი? - ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ ისმის, თუმცა თუ ახალი საარჩევნო მოდელის დასაინიცირებელ პროცედურებს გავითვალისწინებთ, მომდევნო კვირაში ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, პირველ რიგში კი იმას, თუ რა მოდელით ჩაატარებს ქვეყანა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს.