18 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
ზაფხულის დადგომასთან ერთად კორონავირუსი არ გაქრება - როგორია COVID-19-ის მასშტაბები და რა მოლოდინი აქვს WHO-ს

ჩინეთში 5 სართულიანი შენობა, რომელიც კორონავირუსის კარანტინისთვის იყო გამოყოფილი - ჩამოინგრა. სასტუმროში იზოლაციაში 70-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მათი ნაწილი მაშველებმა გადაარჩინეს. ნანგრევებში კი ამ დრომდე 30-ზე მეტი ადამიანი რჩება. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შემთხვევა ადგილობრივი დროით 8-ის ნახევარზე მოხდა. უცნობია რამ გამოიწვია შენობის ნგრევა.

მაშინ, როდესაც ფუძიანის პროვინციაში სამძებრო და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსთ ინფიცირებულთა რაოდენობა 80 ათასამდე გაიზარდა. COVID-19-მა კი უკვე 3 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ჩინეთის შემდეგ დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ სამხრეთ კორეაშია. დაავადებას ამ დრომდე 7 ათასამდე ადამიანი ებრძვის. ქვეყენაში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული.

"COVID 19-ის გამო, კარანტინში გვყავს ათასობით ადამიანი. პოზიტიურია გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა. ჩვენმა სპეციალისტებმა უკვე 118 ადამიანის განკურნება შეძლეს. ყველაზე რთული შემთხვევები კვლავ ქალაქ დაეგუში რჩება," - აცხადებს სამხრეთ კორეის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კიმ კენგ ლიპი.

მსოფლიოში ვირუსით დაღუპული ადამიანების სტატისტიკის მიხედვით, კვლავ საგანგაშო მდგომარეობაა იტალიაში. ბოლო 24 საათის განმვლობაში, ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა ქვეყენაში 200 მიაღწია. ინფიცირებულთა რიცხვი კი 5 ათასამდე გაიზარდა. დახურულია სასწავლო დაწესებულებები. გაუქმებულია სპორტული და კულტურული ღონისძიებები. დაინფიცირების შემთხვევები იზრდება გერმანიასა და საფრანგეთში. ორივე სახელმწიფოში დაავადებას 700-მდე პაციენტი ებრძვის. შექმნილი მდგომარეობის გამო, რომის პაპი ფრანცისკე ტრადიციულ საკვირაო ქადაგებას ვიდეოფორომატში ჩაატარებს.

"პრევენციული ღონისძიებები რომელიც მაგალითად, სასწავლო დაწესებულებების დახურვას ითვალისწინებს, საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მეტად არ შევუწყოთ ხელი დაავადების გავრცელებას. ნებისმიერი გადაწყვეტილება რომელიც ვირუსის შეკავებას ემსახურება, მთვარობა აუცილებლად განახორციელებს,"- აღნიშნავს იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი ვოლტერ რიკარდი.

საფრანგეთში ვირუსით გარდაცვალების 9 შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 8 კაცია. მათი უმეტესობა 60 წელს გადაცილებულია. ქვეყნის მასშტაბით დაინფიცირებულია 600-ზე მეტი ადამიანი, მათგან 40-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ჩინეთისა და იტალიის შემდეგ, ფატალური შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ირანშია გამოვლენილი. სადაც ვირუსმა 124 ადამიანი იმსხვერპლა. დაავადებას ირანში 5 ათასამდე პაციენტი ებრძვის.

დღე-ღამის განმავლობაში, COVID 19-ით დაინფიცირების პირველი შემთხვევები კიდევ 3 სახელმწიფოში -მალტაში, კოლუმბიასა და პერუში გამოვლინდა. კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა მეზობელ აზერბაიჯანში. ამ დროისთვის, დაავადებულთა რიცხვმა ქვეყანაში 9-ს მიაღწია. კორონავირუსი დაუდგინდა სან-ფრანცისკოს სანაპიროსთან მდგომ საკრუიზო გემ Grand Princess-ზე 21 ადამიანს. შტატებში ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა უკვე 17-ს მიაღწია, დაავადებას ამ დრომდე 300-ზე მეტი პაციენტი ებრძვის. დღესვე ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შტატებში ერთ-ერთ კონფერენციაზე რომელსაც მაიკ პომპეო და მაიკ პენსი ესწრებოდნენ, კორონავირუსი 2 ადამიანს აღმოაჩნდა.

21 დაინფიცირებულიდან 19 ეკიპაჟის წევრია, 2 კი მგზავრი. გემი ერთ-ერთ არაკომერციულ პორტში შევა, სადაც მის ბორტზე მყოფი ყველა პირი შემოწმებას გაივლის. ეკიპაჟის წევრები კარანტინში დარჩებიან მიუხედავად იმისა, დადებით პასუხს აჩვენებენ, თუ უარყოფითს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ თითოეული ამერიკელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დავიცვათ," - აცხადებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.​

კორონავირუსს შესაძლოა გავრცელების უნარი ზაფხულშიც ჰქონდეს - ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გაკეთდა. ორგანიზაციაში ასევე ამბობენ რომ ჯერ უცნობია, თუ რა დაემართება აღნიშნულ ვირუსს განსხვავებულ კლიმატურ პირობებში.

"ცრუ იმედია იმის თქმა, რომ დიახ, ის უბრალოდ გაქრება ზაფხულში, გრიპის ვირუსის მსგავსად . ახლა არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ეს ასე მოხდება. ჯერ არ ვიცით, რა აქტიურობას და ქცევას ავლენს ვირუსი სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ვირუსს ექნება გავრცელების შესაძლებლობა," - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებულ სიტუაციათა პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ რაიანიმ.

ვირუსის საფრთხის გამო, არაერთმა კომპანიამ თუ საერთაშორისო ორგანიზაციამ პრევენციული ზომები მიიღო. ავსტრალიაში ერთ-ერთი კლინიკა რომლის ექიმსაც კორონავირუსი დაუდასტურდა დახურეს. მედიკოს დიაგნოზის დასკვნამდე ათეულობით პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი. "ეფლმა" 12 ათას თანამშრომელს მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა შესთავაზა. ბრიუსელში კი კორონავირუსის გამო, ევროკავშირის ელჩების შეხვედრა გადაიდო. მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი უკვე 100 ათას გადასცდა. ვირუსმა 3491 ადამიანი იმსხვერპლა.

დღის ამბები