18 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
ეპიდაფეთქების საფრთხე საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს - ამირან გამყრელიძის თქმით, სიტუაცია კონტროლირებადია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში ეპიდაფეთქების საფრთხე, ჯერჯერობით, არ არსებობს. ცენტრის ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილემ საზოგადოებას რეკომენდაციები კიდევ ერთხელ მისცეს და განმარტეს, რომ დამატებითი რისკების თავიდან ასარიდებლად თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების კონტროლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამ დროისათვის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტი განაგრძობს. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განმარტებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. COVID-19-ით ინფიცირებულების გარდა ბოქსირებულ განყოფილებებში, დაკვირვების ქვეშ რჩება 30 პაციენტი. 33 პირთან კი გუშინ ვირუსზე ჩატარებულმა ანალიზმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. მათი უმრავლესობა მკურნალობას თვითიზოლაციაში განაგრძობს.

ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვლავ 30 ადამიანი იმყოფება რესპუბლიკურ საავადმყოფოში. კლინიკაში განმარტავენ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანას არც ერთი პაციენტი არ საჭიროებს.

რამდენიმე ათეული ადამიანი რჩება კარანტინში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ყველა მათგანი მაღალი რისკჯგუფის ქვეყნებიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. კორონავირუსი არ დაუდგინდა ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილ უკრაინელ მამაკაცს. ამ დრომდე ელოდებიან ქუთაისში განთავსებული 3 პაციენტის ანალიზის პასუხს. სტაბილურია ვირუსის მატარებელი მამაკაცის მდგომარეობაც. ის მკურნალობას საჩხერის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში განაგრძობს.

COVID-19-ის გავრცელების საფრთხის თავიდან ასარიდებლად, დამატებითი თერმოსკანერები დამონტაჟდა აეროპორტებში. მგზავრებს დისტანციურად შეუმოწმდებათ სხეულის ტემპერატურა, რაც რისკების შემცირებას გამოიწვევს. ეკლესია-მონასტრების დეზინფექცირებას გეგმავს საპატრიარქოც. პრევენციისთვის, სასამართლო სხდომებზე დასწრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა დღეს მოქალაქეებს საქალაქო სასამართლომ.

10 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით მკურნალობას COVID-19-ით ინფიცირებული 15 ადამიანი განაგრძობს. კარანტინსა და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 234 ადამიანი იმყოფება.

დღის ამბები