იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 12 წევრის ხმით, ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გახდა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, კენჭისყრის შედეგად მიიღო. ნინო ქადაგიძემ საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაწილის მხარდაჭერა ვერ დაიმსახურა. ანა დოლიძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, ნაზი ჯანეზაშვილს კი კანდიდატის სასარგებლოდ ხმა არ მიუცია. ორივე მათგანი კანდიდატს ე.წ. კლანის წევრად მიიჩნევს და საბჭოს მხრიდან უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლზე საუბრობს.
საბჭოს სხდომამდე იყო კონსულტაციები უზენაეს მოსამართლეებთან, სადაც კანდიდატად ორი მათგანი დასახელდა. მათ შორის ყოფილი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, რომლის შერჩევასთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში დიდი მოლოდინი არსებობდა და ნინო ქადაგიძე - ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე.
ნინო ქადაგიძე უზენაეს სასამართლომდე სააპელაციოში მუშაობდა. ის იმ 10 კაციანი სიის შემადგენლობაშიც შედიოდა, რომელიც საბჭომ პარლამენტს 2018 წლის დეკემბერში გადაუგზავნა და რომელთან დაკავშირებითაც როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ისე სამოქალაქო საზოგადოებაში ბევრი კითხვა არსებობდა. ქადაგიძეს, რომელიც პარლამენტმა უზენაესის მოსამართლედ 12 დეკემბრის ხმაურიანი გადაწყვეტილებით აირჩია, საკანონმდებლო ორგანოში მისვლა ისევ მოუწევს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის მან მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს, რომელთა შორის არ იქნებიან საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.
ნინო ქადაგიძე პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას 10 წლით ჩაიბარებს.