კორონავირუსით შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით, 8 საავადმყოფო უკვე მზად არის საჭიროების შემთხვევაში 1045 პაციენტი მიიღოს.
თბილისის ინფექციური, რესპუბლიკური, ბოჭორიშვილი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, გორის ჰოსპიტალი, ბათუმის ინფექციური, ქუთაისის "ელჯი" და საჩხერის საავადმყოფო, სრულ მზადყოფნაშია. ეს, ჯანდაცვის სამინისტროს გეგმის პირველი ეტაპია. უწყებას უკვე დამუშავებული აქვს გეგმის მეორე და მესამე ფაზაც. დღეს ტექნიკური დეტალები მთავრობამ კერძო სექტორს საგანგებო შეხვედრაზე გააცნო.
კერძო სექტორი მზად არის, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში თავადაც აქტიურად ჩაერთოს. კლინიკების გამოყოფა, სამინისტროს გეგმის მეორე და მესამე ფაზის მიხედვით ეტაპობრივად მოხდება. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რა საჭიროების წინაშე დადგება ქვეყანა. შემუშავებულია სქემაც: კერძო კლინიკა 48 საათით ადრე მიიღებს შეტყობინებას, რის შემდეგაც საავადმყოფო პაციენტებისგან დაიცლება და გადაეწყობა ინფიცირებულების მისაღებად.
ზუსტად რომელი კლინიკები ჩაერთვებიან გეგმის მეორე ფაზაში, ეს ცნობილი, სავარაუდოდ, ხვალ გახდება, თუმცა პირველ ეტაპზე, აქცენტი პოლიპროფილურ საავადმყოფოებსა და მსხვილ ქსელურ ჰოსპიტალებზე გაკეთდება.
"ევექსის" კლინიკების ქსელი მზად არის, თბილისსა და რეგიონებში 4 კლინიკა გამოყოს. პირველ ეტაპზე, საუბარია 400-მდე საწოლზე. უკვე დაწყებულია ექიმებისა და მედპერსონალის გადამზადება.
კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვის სურვილი გამოთქვა "ნიუ ვიჟენ" საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმაც, რომელმაც დღეს მთავრობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საწოლ-ფონდის, ტექნიკის და სასუნთქი აპარატების შესახებ. 125 საწოლი, აქედან, 26 კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და ხელოვნური სუნთქვის 18 აპარატი - ასეთია "ნიუ ვიჟენის" რესურსი.
220 საწოლი და 30 სუნთქვის აპარატია "ვივამედშიც". კლინიკაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო უწყებებისგან უკვე მიიღეს დეტალურად გაწერილი გეგმა, როდის და როგორ უნდა იმოქმედონ.
დამატებითი საწოლები გამოიყოფა რეგიონებშიც. კერძო კლინიკები პაციენტებს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში მიიღებენ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო შეხვედრას დღეს ქუთაისში მდებარე კლინიკების, "ელჯი ჯგუფის" ხელმძღვანელიც ესწრებოდა. საავადმყოფო, რომელიც პაციენტებს უკვე იღებს, საჭიროების შემთხვევაში დამატებით საწოლებს გამოყოფს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მომავალი კვირიდან კორონავირუსის ახალი შემთხვევების მკვეთრ მატებას ელოდება. ამის მიზეზი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი 2 ათასამდე პირი და ეპიდემიოლოგების მათემატიკური გათვლებია.
ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო და კერძო კლინიკებში სულ 12 ათასი საწოლია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მათი გამოყენება სრულად საჭირო არ გახდება და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს, თუმცა თვლიან, რომ ჯანდაცვის სისტემა, მათ შორის კერძო სექტორი, ნებისმიერ სცენარს სრულად მომზადებული უნდა შეხვდეს.