18 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია - სინოდი

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, საპატრიარქოში გორისა და ატენის მიტროპოლიტი მამა ანდრია გვაზავამ სინოდის სხდომის დადგენილება წაიკითხა.  

"წმინდა სინოდის სხდომის დადგენილებას გაგაცნობთ, ილია მეორემ სხდომაზე ისაუბრა კორონავირუსზე, მან ბრძანა, რომ ღმერთის გარეშე არაფერი ხდება და ის, რომ შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლებამ სათანადო ზომები მიიღო, რითაც ვირუსულ ინფექციას სწრაფად გავრცელების საშუალება არ მიეცა. მან დასძინა, რომ ჩვენზე არის ძირითადი პასუხისმგებლობა, რათა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. გვწამს, რომ სულიწმინდის შეწევნით ეს მოხერხდება. 

წმინდა სინოდის სხდომის მდივნად, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია აირჩიეს. კათოლიკოს პატრიარქმა საკითხის განხილვაში აქტიური მონაწილეობისაკენ მღვდელმთავრებს მოუწოდა და სიტყვა გადასცა კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს. 

მან არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და განსახილველად ტექსტი წარმოადგინა. მან რამდენიმე მღვდელმთავარის შემოთავაზებული ტექსტების შესახებაც მოახსენა წმინდა სინოდს. მეორე ტექსტი წარმოადგინა ახალქალაქის კუბორდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა. მესამე ტექსტი წაიკითხა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტიმა, გრიგოლმა. მეოთხე გირისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ. ტექსტების მოსმენის შემდეგ გაიმართა მსჯელობა. 

წმინდა სინოდმა განაჩინა: დღევანდელი მსოფლიო გამოწვევის წინაშეა, ახალმა ვირუსმა ადამიანები მორიგი გამოცდის წინაშე დააყენა, რაც პასუხის გაცემას მოითხოვს. გვმართებს გავაცნობიეროთ ამ მოვლენის სულიერი მიზეზები, მთავარი მიზეზი კი, თანამედროვე ადამიანის ღვთისგან დაშორებაა. განსაცდელები არ არის შემთხვევითი, ის ღმერთის დაშვებით მოევლინება ადამიანს, რათა უფრო მეტად შეიცნოს საკუთარი თავი. 

სინანულისა და ეკლესიური ცხოვრების მეშვეობით აღმოფხვრას ცოდვები, რომელიც პიროვნების სულიერ და ფიზიკურ ცხოვრებას ანადგურებს. 

ჩვენ ეკლესიის წევრები არ ვუშინდებით და გავურბივართ განსაცდელს, არამედ ვიღებთ თავმდაბლობით და ვეძიებთ მისი დაძლევის გზებს. ასეთ დროს მორწმუნეები, აძლიერებდნენ მარხვას და ლოცვას. 

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა, თუ რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლე და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. ეკლესიის ყველა საიდუმლოება სულიწმინდის მოქმედების სფეროა, სადაც ღვთაებრივი სასწაული აღესრულება, რომელიც მარადიულ ცხოვრებასთან თანაზიარჰყოფს ადამიანს. ადგილი სულიწმინდის განსაკუთრებული მოქმედებისა არის ტაძარი. ევქარისტია რის ქრისტიანული ცხოვრების მთავარი არსია,  ევქარისტიული კავშირი უფალ იესო ქრისტესთან გვაერთიანებს. წმინდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა, მათთვის ვინც საეკლესიო ცხოვრების დაცვით ეზიარება. ამიტომაც, ეკლესიის წევრებისათვის, ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე - ყოვლად მიუღებელია. 

ამ კრიტიკულ პერიოდში წმინდა სინოდი მიზანშეწონილად მიიჩნევს შემდეგ რეკომენდაციებს: 

1. ყველა ეკლესიასა და მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვის ტიპიკონისა და ეკლესიის წეს-განგების სრული დაცვით. 

2. სასურველია ყველა მოწმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეშიც შეძლოს ლოცვაზე დასწრება.

3. ზიარების შემდგომ მცირე რაოდენობით დასაყოლებელი სასმელის წყლიანი ღვინის მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით. 

4. რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს - ხანდაზმულებს, ინფექციური დაავადების სიმპტომებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, ასევე თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფებს, სურვილის შემთხვევაში სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება. 

ასევე, სასულიერო პირებს დამატებითი რეკომენდაციები  მიეცემათ. 

დასაფასებელია საქართველოს მთავრობის ყველა სტრუქტურის, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის მუშაკების თანმიმდევრული ნაბიჯები. 

5. წმინდა სინოდი მორწმუნეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ სახელმწიფოსა და ექიმების რეკომენდაციები და სიფრთხილით მოეკიდონ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ეს არის მოყვასზე ზრუნვის გამოვლინება. ამით დავიცავთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და მოვერიდებით გავხდეთ სხვათა დასნებოვნების მიზეზი. 

არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანურ სიკეთეს, ეს იქნება ჩვენი რწმენისა და ღირსების მაჩვენებელი. 

6. ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, ყველამ წავიკითხოთ თითო თავი სახარებიდან,"- განაცხადა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ (გვაზავა).

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები