09 სექტემბერი 2026,   20:02
ვრცლად
COVID 19-ის ახალი შემთხვევებიდან 1 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული - მარინა ეზუგბაია

დღეს დადასტურებული COVID 19-ის 2 ახალი შემთხვევიდან 1 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ხოლო მეორე - ქუთაისის კლინიკაში. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე პაციენტის ინფიცირების ისტორია ევროპაში მოგზაურობას უკავშირდება.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მარინა ეზუგბაიამ ისაუბრა გამოჯანმრთელებულ პაციენტებზეც. მან განმარტა, რომ 13 გამოჯანმრთელებულიდან 12 ინფექციურ საავადმყოფოში დაფიქსირდა. 11 უკვე გაეწერა, ხოლო მე-12, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე დატოვებს კლინიკას. 

მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 4 მძიმე პაციენტიდან სამის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, ხოლო ერთის მდგომარეობა კვლავ განსაკუთრებით მძიმეა. 

ინფექციურ საავადმყოფოში, ამ ეტაპზე, COVID 19-ით ინფიცირებული 34 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიაში გასაგზავნად დღეს დილით კიდევ 7 პაციენტის სინჯს აიღებენ.

შეგახსენებთ, რომ 27 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის, COVID 19-ის სულ 81 შემთხვევა დაფიქსირდა. 

ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმშია 4505 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 247.

საქართველოში კორონავირუსი უკვე 13-მა პაციენტმა დაამარცხა. 

დღის ამბები