09 სექტემბერი 2026,   20:08
ვრცლად
რეგიონში სერიოზული დარღვევები დისტანციის კუთხით არ ფიქსირდება - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი

ცხოვრება წითელ ზონაში პოლიციის მკაცრი კონტროლით გრძელდება. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებს ერთმანეთისგან პოლიცია იცავს. სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უზრუნველყოფენ ადამიანების ერთმანეთისგან დისტანცირებას.

ქალაქში რიგებია იმ დაწესებულებებთან, რომლებიც მკაცრი რეჟიმის ამოქმედების შემდეგაც მუშაობენ.

მარნეულის მერი კი აცხადებს, რომ რეგიონში სერიოზული დარღვევები, რომლებიც დისტანციას ეხება, არ დაფიქსირებულა. 

"ჩვენ ვიმყოფებოდით 1 000 ოჯახში, შევამოწმეთ 4 500 ადამიანი, მათგან სიცხე კი მხოლოდ ერთს ჰქონდა -  37,2 გრადუსი. სხვა კლინიკური მაჩვენებელი მას არ ჰქონია.

ბანკებთან და ბანკომატებთან ხალხმრავლობა არის, თუმცა იქ არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და სრულიად დაცულია ის რეკომენდაციები, რაც დისტანციას ეხება. 

ზოგიერთ სოფელში  შეიძლება 3-4 ადამიანი ერთად იდგეს, მაგრამ იქ მაშინვე მიდიან ზედამხედველობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და სწრაფ რეაგირებას ახდენენ. სერიოზული დარღვევები კი არ შეინიშნება," - აცხადებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი.

რაც შეეხება ბოლნისის მუნიციპალიტეტს, იქ ჯერჯერობით, კორონავირუსის სიმპტომებით პაციენტები არ ჰყავთ. 

"კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით პაციენტები ამჯერად კლინიკაში არ გვყავს. მომართვიანობა არის ჩვეულებრივად, სხვა დაავადებების გამო. სტაციონარი კი საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით მუშაობს," - აცხადებს ადგილობრივი ექიმი. 

დღის ამბები