18 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
ოპოზიცია მთავრობას ანტიკრიზისულ გეგმას უწონებს, თუმცა მეტი ნაბიჯის გადადგმას სთხოვს

ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა, უმეტესწილად, დადებითად შეაფასა, თუმცა, ოპოზიციის წევრთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯები საკმარისი არ არის. 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერს, დავით ბაქრაძეს მიაჩნია, რომ მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის კომუნალური გადასახადების დაფარვა სწორი მიმართულებაა, თუმცა არ არის საკმარისი. მისი განცხადებით, "ევროპული საქართველო" ხელისუფლებას სთავაზობს, იფიქროს დამატებით ნაბიჯებზე, როგორიცაა: სახელფასო კომპენსაციის გაცემა იმ ადამიანებისთვის, ვინც დაკარგა სამსახური ან უხელფასო შვებულებაშია; ერთჯერადი დახმარების გაცემა სოციალურად დაუცველებისთვის; წლის ბოლომდე საპენსიო შენატანების გაჩერება და უკვე არსებული თანხების გატანის შესაძლებლობის მიცემა მოსახლეობისთვის და გადასახადების შემცირება, მათ შორის, საშემოსავლო და ქონების გადასახადის განულება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, სწორედ ოპოზიციის კრიტიკამ მისცა მთავრობას ბიძგი, წასულიყვნენ სწორი მიმართულებით. მიუხედავად ამისა, რომან გოცირიძემ აღნიშნულ ზომებს "ნახევარზომა" უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ეს ზომები კრიზისის აღმოსაფხვრელად საკმარისი არ არის და მას შემდგომი ნაბიჯები უნდა მოყვეს, როგორიცაა ოჯახების პირდაპირი მხარდაჭერა, მათ შორის სასურსათო უზრუნველყოფის გამო. მისი თქმით, აუცილებელია 1000 ლარიანი მხარდაჭერის პაკეტი მიეცეს ყველა ოჯახს, გარდა იმ ადამიანებისა, რომელთაც აქვთ ძალიან მაღალი შემოსავალი.

"მართლაც სანაქებო" უწოდა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას. შალვა ნათელაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამის მიღწევისთვის ოპოზიციას მრავალკვირიანი ბრძოლა და შეგონებები  დასჭირდა.

"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული გეგმა  არ არის საკმარისი და უსამართლოდაა გადანაწილებული, რადგან შეიძლება 2 სულიან შეძლებულ ოჯახს კომუნალური გადასახადები დაეფაროს, თუმცა 5-6 სულიანი ღარიბი ოჯახი დახმარების გარეშე დარჩეს. 

დღის ამბები