17 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები სხვადასხვა ლოკაციაზე იკრიბებიან

ამ წუთებში ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები სხვადასხვა ლოკაციაზე იკრიბებიან. დაგეგმილია მსვლელობა რუსთაველის გამზირის მიმართულებით, სადაც, 19:00 საათზე, სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქცია სახელწოდებით "დაიბრუნე ხმა" დაიწყება.

აქციას უერთდებიან პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდებიან.

კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, აქციის ფარგლებში, დაგეგმილია დამკვირვებლების სიტყვის გამოსვლა, რომლებიც არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ისაუბრებენ.

"აქედან გვექნება მსვლელობა. რამდენადაც ვიცი, "ლელო" იკრიბება მარჯანიშვილზე, იქიდან იქნება მსვლელობა და რუსთაველზეც იქნება აქცია. რუსთაველზე დამკვირვებლები მოუყვებიან თავიანთ ისტორიებს, რა ნახეს ამ არჩევნებზე, ეს ვიცით ერთადერთი", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, მათი მშვიდობიანი პროტესტი მიმართული იქნება 25 ნოემბრისთვის, როდესაც პარლამენტის უფლებამოსილება უნდა ცნონ.

"დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გაკეთდება, მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, რაც ბატონმა კობახიძემ საკუთარი განცხადებით გვითხრა, იმ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, რასაც დიდი ხანია ველოდით, ეს არის უფლებამოსილების ცნობის დღე. შესაბამისად, ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი მიმართული უნდა აიყოს იმ ტალღის ფორმირებისთვის, რომელიც უნდა დასრულდეს 25 ნოემბერს", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

დღის ამბები