აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ იმყოფებოდნენ, ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით დაიწყეს გადაადგილება.
მათი თქმით, შეუერთდებიან იმ უწყვეტ პროტესტს, რომელიც კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გამოაცხადა.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების დანიშვნაა.
"მოთხოვნა არის ახალი არჩევნების დანიშვნა. მთავარი არის ის, რომ არ გავუტაროთ ის ხმების ქურდობა, იმ მომავლის ქურდობა, რომელიც თქვენ წაგართვეს, ჩვენ მეგობრებს წაართვეს, ოჯახის წევრებს წაართვეს, არ მივცეთ საშუალება, რომ ეს ქვეყანა შეათრიონ რუსეთში", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობა და ევროინტეგრაცია ხელახალი არჩევნების მოთხოვნაზეა დამოკიდებული.
"26 ოქტომბრის ის შედეგები, რომელიც ცესკომ დადო, არ არის ის, რაც ასახავს საქართველოს მოქალაქეების თავისუფალ ნებას. ჩვენ ვიცით ძალიან კარგად და საქართველოს მოქალაქეები აცნობიერებენ, რომ ხელახალი არჩევნების მოპოვებაზე არის დამოკიდებული ჩვენი თავისუფლებაც, დამოუკიდებლობას და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალიც", - განაცხადა ანა წითლიძემ.
პარტია "საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მშვიდობიანი პროტესტი წინააღმდეგობის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის საშუალებითაც ხელახალი არჩევნების საშუალებით ქვეყანა თავისუფლებას დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს დაიბრუნებს.
"წინააღმდეგობის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა არის მშვიდობიანი პროტესტი, რომლის ორგანიზატორები არ ვართ, თუმცა მონაწილეები ვართ. ასე გავაგრძელებთ ისევე, როგორც სხვა განზომილებების გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოში არჩევანის თავისუფლება, დემოკრატია და ევროპული მომავალი დავაბრუნოთ ხალხის ნებით, ხელახალი არჩევნების შედეგად", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.