17 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
ბოიკოტი პარლამენტს, უარი მანდატებს და პარტიული სიების ჩახსნა - როგორი იქნება მე-11 მოწვევის პარლამენტის პოლიტიკური ცხოვრება

ოპოზიციის "სიზიფეს მითად" ქცეული შემოდგომა, 4 წლის წინანდელ პოსტსაარჩევნო წელიწადს ჰგავს. ბოიკოტი პარლამენტს, უარი მანდატებს და პარტიული სიების ჩახსნა - ისე, როგორც 2020-ში, გეგმებში ახლაც არაფერი იცვლება. ბარიერგადალახულმა ორმა კოალიციამ სიების ჩახსნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პირდაპირი ეთერიდან, დამადასტურებელი ხელმოწერებით მოსთხოვა.

ამ მოთხოვნის შემდეგ კი იგივე სტრატეგიის არჩევა დანარჩენ, ბარიერგადალახულ კოლეგებსაც ურჩიეს. პირველი ბზარიც სწორედ აქ გაჩნდა - ვინ მოქმედებს კანონის შესაბამისად. საარჩევნო კოდექსის 120-ე და 131-ე მუხლები ამბობს, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატს პირველი სხდომის მოწვევამდე და საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების ცნობამდე მანდატების გაუქმების შესაძლებლობა არ აქვს. თუმცა, სულ სხვას ამბობენ ხელმომწერი პოლიტიკოსები.

ორი კოალიცია პოპულისტურ ქმედებაში კოლეგებმა მალევე დაადანაშაულეს, თუმცა, ისე, როგორც "ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში", მოთხოვნის სამართლებრივ სისწორეში დარწმუნებულები არიან "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერებიც.

ამ სპექტაკლში მონაწილეობას არ აპირებს - ეს კოლეგებს გიორგი გახარიამ მალევე უთხრა, თუმცა დადო ზეპირი პირობაც, რომ მისი პარტიისგან მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება.

ყოფილი პრემიერისგან განსხვავებით, ყოფილი ბანკირების კოალიციაში ხელმომწერების იდეა ნაწილობრივ გაიზიარეს. რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ, გადაწყდა, რომ სიების ჩახსნისა და მანდატების დატოვების პროცედურა ერთობლივად, პრეზიდენტის ჩართულობით განახორციელონ და ეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ მოხდეს.

მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს ლეგიტიმაცია ხალხმა მისცა - ამას ოპონენტებს პირველი კანონმდებელი ეუბნება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ცარიელი სიტყვებია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, საბოლოოდ, ოპოზიციის ნაწილი რომ პარლამენტში მაინც შევა, ამაში დარწმუნებულია პარლამენტს მიღმა დარჩენილი "გირჩი". იაგო ხვიჩია ბარიერგადალახული ოპოზიციის პოზიციის შეცვლას გაზაფხულზე ვარაუდობს.

კოლეგებს წარსული გამოცდილება ვიდეოკოლაჟით შეახსენა "ფედერალისტების" დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმაც.

ისე, როგორც წარსულშიც, ახლაც, ოპოზიცია რომ საბოლოოდ საკანონმდებლო ორგანოში მაინც შევა, ამაში პრემიერ-მინისტრიც დარწმუნებულია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველაზე მთავარი, რაც ახლად არჩეულ საკანონმდებლო ორგანოს აქვს, ეს სახალხო ლეგიტიმაციაა.

მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება. ცესკოს შემაჯამებელ ოქმს ხელი უკვე მოეწერა.

დღის ამბები