18 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
ანგარიშში იკვეთება არა მხოლოდ 20 ივნისს ჩადენილი დანაშაული, არამედ გამოძიების პროცესში დამალული მტკიცებულებები - სალომე სამადაშვილი 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი 20-21 ივნისის ღამის მოვლენებზე სახალხო დამცველის შუალედურ ანგარიშს აფასებს. დოკუმენტის მიხედვით, ე.წ. გავრილოვის ღამეს დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიების გამოყენება მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ბრძანება არ ყოფილა.

სამადაშვილის შეფასებით, გამოძიების შედეგად, საზოგადოებას კვლავ არ აქვს პასუხი, ვინ გასცა ბრძანება, რომ გამოყენებული ყოფილიყო ე.წ. რეზინის ტყვიები. 

"გუშინ სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა, ვფიქრობ, გადააჭარბა ჩვენს მოლოდინსაც კი, იმ თვალსაზრისით, რომ ანგარიშში იკვეთება არა მხოლოდ 20 ივნისს ჩადენილი დანაშაული, არამედ გამოძიების პროცესში დამალული მტკიცებულებები და სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი მცდელობა, რომ არ დადგინდეს სიმართლე ამ საქმესთან მიმართებაში, ჯოხი გადადტყდეს პოლიციის რიგით თანამშრომლებზე და პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ააცილონ იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ სისხლიან სპეცოპერაციას," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სახალხო დამცველის განცხადებას დღეს მაია ცქიტიშვილიც გამოეხმაურა. 

"სამწუხარო იყო, რომ ამ რეაგირებას მოჰყვა ის ტრაგიკული გამოვლინება, რომელსაც უკვე მოქალაქეების ჯანმრთელობის დაზიანება ჰქვია, მაგრამ ჩვენ ყველანი ვხედავდით, რომ რეზინის ტყვიების გამოყენება არ ატარებდა მიზანდასახულ ხასიათს, ეს არ იყო მინისტრის ან მისი მოადგილის, ან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის გადაწყვეტილება, ეს იყო რეაქცია იმ პოლიციელების მხრიდან, რომლებზეც მიმდინარეობდა შტურმი," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

დღის ამბები