აჭარაში ახალი კლასტერი გაჩნდა - COVID 19-ით ინფიცირებული 62 წლის 5 კონტაქტს ვირუსი უკვე დაუდასტურდა. ამის გამო დაიხურა ქობულეთის რაიონული საავადმყოფო, სადაც ინფიცირებული მუცლის ტკივილით სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ მიიყვანა.
მანამდე ინფიცირებულ ქალთან კონტაქტი სასწრაფო დახმარების კიდევ ერთ ბრიგადას ჰქონდა.
იმის გამო, რომ შუახნის ქალს COVID-19-ის სიმპტომები არ ჰქონდა, ექიმებმა პირველადი დახმარება უსაფრთხოების მკაცრი ნორმების დაცვის გარეშე გაუწიეს. კლინიკის მთელი სამედიცინო პერსონალი იზოლაციაშია გადაყვანილი.
ინფიცირებულის კონტაქტებიდან 5-ს კორონავირუსი დილითვე დაუდასტურდა. მათგან 2 არის ოჯახის წევრი, ინფიცირებულის შვილი და მამა, ხოლო სამი ახალი პაციენტი მეზობლად ცხოვრობს. სოფელ გვარაში უკვე მეორე დღეა ეპიდემიოლოგები ყველას მონაცემებს სწავლობენ. ადგილობრივები "კურიერთან" იხსენებენ დღეს, როცა ინფიცირებული ცუდად გახდა და სახლში მეზობლები მოსანახულებლად ესტუმრნენ. მაშინ მათ ინფექციის შესახებ არაფერი იცოდნენ.
ქალის ინფიცირების წყარო ისევ დაუდგენელია. მხოლოდ ერთი პაციენტის შემთხვევაში კონტაქტების რაოდენობა 100-ს აჭარბებს. სოფელი გვარა არ არის ერთადერთი მჭიდრო დასახლება, რომელიც დღეს უკვე რისკის ზონად ითვლება. ჯანდაცვის სამინისტროს მობილური ჯგუფები კონტროლს ამკაცრებენ კიდევ ერთ სოფელშიც. ხუცუბანში მოსახლეობის თერმოსკრინინგი ეტაპობრივად განხორციელდება.
დაინფიცირების დიდი ჯგუფის წყაროს ასაკი რისკის შემცველია. 60 წელს გადაცილებული ქალი ახლა კლინიკა "მედალფას" ბოქსირებულ განყოფილებაშია. მას ორმხრივი პნევმონია აქვს. შედარებით მძიმეა იმ პირის მდგომარეობა, რომელიც ამავე კლასტერს მიეკუთვნება.
ამ პაციენტთან კონტაქტის გამო კარანტინშია ბათუმში მომუშავე სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ორი ბრიგადა. სულ საუბარია 6 პირზე. ასევე, კარანტინშია გადაყვანილი სამედიცინო ცენტრ "მედინას" 10 და ბათუმის სამედიცინო ცენტრ BMC-ის 4 თანამშრომელი.მათგან კორონავირუსი ჯერ არც ერთს არ დადასტურებია.
რეგიონში იზრდება როგორც დაინფიცირებული პაციენტების რაოდენობა, შესაბამისად, მათი კონტაქტებიც. მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგები შეისწავლიან ყველა ადგილს, სადაც ვირუსის მატარებლები გადაადგილდებოდნენ, გადაწყდება, უსაფრთხოების რა ზომებს მიმართავს ადგილობრივი ხელისუფლება.