18 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
112 არის კორონავირუსთან ბრძოლის პირველი ხაზი - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 112 ჯანდაცვის სამინისტროსთან და პირველად სამედიცინო მომსახურებასთან ერთად სრულიად ახალი ხაზით აეწყო.

როგორც ცენტრში ყოფნისას გიორგი გახარიამ აღნიშნა, 112-ის საშუალებით ოჯახის ექიმთან კონსულტაცია და პაციენტის სტაციონარში გადაყვანა ხორციელდება.

"სულ რამდენიმე ხნის წინ, აუცილებლობიდან გამომდინარე ჩაერთო ერთი ქოლცენტრი - 144, რომლის ძირითადი ამოცანა გახლავთ, საგანგებო მდგომარეობის პირობების და საკანონმდებლო თავისებურებების შესახებ ჩვენ მოქალაქეებს გასცეს ყველა პასუხი. ეს ქოლ-ცენტრი ფუნქციონირებს, ზარების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. მოქალაქეებმა უკვე დეტალებში იციან საგანგებო მდგომარეობის საკანონმდებლო სპეციფიკა.

მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ - 112. შემიძლია დღეს ოფიციალურად განვაცხადო, რომ 112 ჯანდაცვის სამინისტროსთან და პირველად სამედიცინო მომსახურებასთან ერთად აეწყო სრულიად ახალი ხაზით. ეს არის "კოვიდ 19"-თან ბრძოლის პირველი ხაზი. თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, როგორც კი რაიმე სიმპტომი ექნება, მას შეუძლია დარეკოს 112-ში, რომელიც მას მაშინვე დააკავშირებს ოჯახის ექიმთან ან სოფლის ექიმთან. შემდგომ უკვე ტარდება კონსულტაცია, თუ საჭიროა მოქალაქის გადაყვანა სტაციონარში, მაშინ ის გადაჰყავთ ცხელების ცენტრში, სადაც უტარდება ტესტები და ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, საით იქნეს პაციენტი განაწილებული.

სწორედ ეს არის უმნიშვნელოვანესი, პირველი ხაზი "კოვიდ 19"-თან ბრძოლაში. სწორედ ეს ტელემედიცინა არის ის შესაძლებლობა, რომელიც სიმპტომების გაჩენისთანავე აძლევს მოქალაქეებს შესაძლებლობას, მიიღოს მაღალპროფესიონალური კონსულტაცია," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ მოქალაქეებს მოუწოდა, თუ აღენიშნებათ პანდემიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, პირველ რიგში 112-ში დარეკონ.

დღის ამბები