ვირუსის გავრცელების პიკის მოახლოების პარალელურად, იზრდება იმ რისკჯგუფების ჩამონათვალიც, რომელთაც პირველ ეტაპზე ტესტირება ჩაუტარდებათ.
სიაში სავარაუდოდ მოხვდებიან სასულიერო პირებიც. ამის მიზეზი კი მომატებული საფრთხეებია.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ჯერჯერობით საპატრიარქოსთან არ შეთანხმებულან თუმცა, ის დარწმუნებულია, რომ ისინი ერთ აზრზე შეჯერდებიან.
"ამ თემაზე საპატრიარქოსთან ბოლომდე არ შევთანხმებულვართ, თუმცა დარწმუნებული ვარ შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია.
მინდა აღვნიშნო, რომ საპატრიარქო კარგად გვეთანამშრომლება, ერთად ვმუშაობთ და ამ პრობლემის წინაშე გვერდით გვიდგანან მეუფეებიც და უწმინდესიც.
ისინი კანონს არ არღვევენ და ყველაზე კარგად იცავენ თუნდაც ეკლესიაში იმ დისტანციას, რასაც ჩვენ ვარღვევთ ხოლმე.
თვითონაც მოუწოდებენ მეუფეები მრევლს, რომ არ დაარღვიონ კანონი,"- განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ვახტანგ გომელაურმა.