08 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
ჩინეთში ვირუსის შემთხვევები სულ უფრო იკლებს - აღდგა სარკინიგზო სადგურები და აეროპორტები

ჩინეთში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსის მხოლოდ 42 შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენცია ნარჩუნდება.

საინტერესოა, რომ ახალი შემთხვევებიდან 38 იმპორტირებულია. ბოლო ერთ დღეში, კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი ადამიანი. ფაქტი დაფიქსირდა ჰუბეის პროვინციაში, რომელიც ჩინეთში ეპიდემიის ეპიცენტრი იყო.

ორთვიანი კარანტინის დასრულების შემდეგ, უხანის უმსხვილეს, ჩქაროსნულ სარკინიგზო მაგისტრალებზე მიმოსვლა აღდგა. გაიხსნა სარკინიგზო სადგურები და აეროპორტები. მოქალაქეებს უმოწმებენ ტემპერატურას. შეზღუდვების მოხსნიდან მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში, ქალაქი 60 ათასზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. ქალაქში აგრეთვე განახლდა საწარმო და სამშენებლო სამუშაოები. კარანტინის დასრულების მიუხედავად მოქალაქეები პირბადეებსა და სხვა დამცავ აღჭურვილობას მაინც ატარებენ.

ჩინეთში სულ კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან კორონავირუსით ინფიცირების 81 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 3 ათასზე მეტი ადამიანი, დაახლოებით 77ათასი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

"ქალაქის გახსნის შემდეგ შევძლებ ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად პარკში წავიდე. მიუხედავად არსებული ვითარებისა, მოსახლეობა მაინც შიშის ქვეშ ცხოვრობს. ჩინეთში არის ადგილები, სადაც ისევ შენარჩუნებულია უმკაცრესი შეზღუდვები, რადგან ამ ადგილებში ვირუსის გავრცელების საშიშროება კვლავ მაღალია,"- აცხადებს ადგილობრივი. 

დღის ამბები