საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ანტიკრიზისული გეგმის შესახებ პოლიტიკურმა მოძრაობა "ლელომ" ბრიფინგი გამართა. პოლიტიკური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ ის ღონისძიებები ჩამოთვალა, რომლებსაც ანტიკრიზისული გეგმა უნდა მოიცავდეს.
"ანტიკრიზისული გეგმა უნდა მოიცავდეს: ბიზნესის ფისკალური, მონეტარული სტიმულირების გეგმას და სამუშაო ადგილებზე დაბრუნების შესაძლო ვადებს და პირობებს. ასევე, სასურსათო უზრუნველყოფისა და უსაფრთხოების კონკრეტულ ღონისძიებებს. ასევე, საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების სრულმასშტაბიანი ჩატარების ხელშეწყობის ღონისძიებებს. ეს გეგმა უნდა მოიცავდეს ეროვნული ვალუტის დასტაბილურების მექანიზმებსაც.
რაც შეეხება სოციალური დახმარებების გეგმას - ის უნდა მოიცავდეს ყველაზე მოწყვლადი სოციალური ჯგუფების დახმარებას. უნდა მოხდეს კრიზისის შედეგად დაზარალებული ოჯახების აღრიცხვა და მათთვის სასურსათო-კომუნალური შეღავათების გაწევის კონკრეტული გეგმა შემუშავდეს,"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
განცხადება გააკეთა "ლელოს" წევრმა დავით უსუფაშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ კრიზისის დროს ყველაზე მეტად დაზარალებული მოსახლეობის ნაწილის უზრუნველყოფის გეგმის წარმოდგენა ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ შეძლო.
"მთვარობამ დღემდე ვერ მოახერხა ერთიანი ანტიკრიზისული პროგრამის შემუშავება, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა კორონავირუსთან ბრძოლის პრიორიტეტებიც და საზოგადოების ფუნქციონირების, ახალ გარემოებებთან ადაპტირების კონკრეტული მიდგომებიც.
საქართველოს მოსახლეობის ყველაზე უფრო გაჭირვებული ნაწილი დაგვრჩა ყველაზე უფრო უყურადღებოდ და პრობლემურ ვითარებაში. ეს ის ხალხია, ვისაც არ გააჩნია დანაზოგი და ყოველდღიური შრომით პოულობდა ყოველდღიურ სარჩოს. ამ მიმართულებით, მთავრობამ ვერ შესთავაზა საზოგადოებას ვერც მოკლევადიანი და ვერც გრძელვადიანი გამოსავალი. სერიოზულ ეჭვებს ბადებს ის რეგულაციები, რომელიც ამა თუ იმ ბიზნეს აძლევს ფუნქციონირების საშუალებას, ხოლო სხვას უკრძალავს,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.