ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 104 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, 12 აპრილის 21 საათიდან 13 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 73 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 16 მოქალაქე დააჯარიმა.
ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 4 ფიზიკური პირი.
პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 9 პირი დააჯარიმეს.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.