საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებები, 20 ივნისის ღამე და დავით გარეჯში გასულ წელს განვითარებული მოვლენები - ეს იმ საკითხების ნაწილია, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშში მოხვდა.
დოკუმენტში წერია, რომ 2019 წელს საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს რუსეთის ფედერაციის ექსპანსიური პოლიტიკა წარმოადგენდა. საფრთხეა ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტინგენტი. საოკუპაციო ძალები მიზანმიმართულად უქმნიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს პრობლემებს. ანგარიშში საუბარია არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობებისა და დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტებზეც.