"დავრჩეთ სახლში თორემ ვერ დავითვლით კუბოებს", "არ წახვიდეთ ეკლესიაში აღდგომის ღამეს", "2 349 ათას ინფიცირებულს ქვეყანა ვერ გაუძლებს ხალხი დაგვეღუპება" - ასეთია მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარი, რომლის შეცვლა ან კიდევ უფრო დამძიმება თითოეულ ჩვენგანს უახლოეს დღეებში შეუძლია. მაშინ, როცა ქვეყანა ეპიდემიის გავრცელების კრიტიკულ ფაზაში გადავიდა უხილავ მტერთან ომში მყოფმა სპეციალისტმა მოსახლეობას უთხრა, რომ ვითარება საგანგაშოა და მომდევნო ოთხი დღე გადამწყვეტი იქნება. ამირან გამყრელიძემ "დღის კურიერის" პირდაპირ ეთერში დღეს როგორც თავადვე უწოდა მისთვის მძიმე მოწოდება გააკეთა.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სურათი სულ უფრო მეტად მძიმდება და საშიში ხდება. დღეისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ 15 ახალი კლასტერი გაჩნდა. რეკომენდაციების გამკაცრებასთან ერთად, სპეციალისტების ტონიც იცვლება. სწორედ წესების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული, მომდევნო თვეების სტატისტიკა - 10 მაისისთვის 2 000 ან უარეს შემხთხვევაში 5 000 ინფიცირებული. ასეთ სწრაფ მატებას კი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს.
იმ შემთხვევაში თუკი მოსახლეობა ვერ გაიაზრებს მოსალოდნელ საფრთხეებს იტალიის მსგავსად ეპიდემიის უსწრაფესი ტემპებით გავრცელებასა და გარდაცვალების კატასტროფულ ზრდას ვარაუდობს პაატა იმნაძეც. კორონავირუსის წინა ხაზზე მებრძოლმა სპეციალისტმა, საქართველოს მოსახლოებას საკმაოდ ემოციურ მიმართვაში კიდევ ერთხელ სთხოვა, რომ ათასობით ადამიანის შრომას, რომელმაც ქვეყანა აქამდე მოიყვანა, ანგარიში გაუწიონ.
ამ სურათის აღწერით, დღეს მედიკოსებმა მოსახლეობას უთხრეს, რომ შესაძლოა ეპიდაფეთექების დროს ბევრი ასეთი მძიმე პაციენტი ექიმის გარეშე დარჩეს და ამის გამო დაიღუპოს. მედიკოსები არ მალავენ, რომ მალე სამედიცინო აღჭურვილობის მარაგებიც შესაძლოა ამოიწუროს. ინფექციონისტების ნაწილი არსებული რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებას მოითხოვს.
მიუხედავად გამკაცრებული ზომებისა, დღეს, ქუჩებში ავტომობილების დიდი ნაკადი გადაადგილდებოდა, მოსახლეობაც კვლავ განაგრძობს პარკებსა თუ დასასვენებელ ადგილებში თავშეყრას. ამ დროს კი სტატისტიკა ყოველდღიურად მატულობს, მხოლოდ დღეს ინფიცირებულთა რიცხვი 30-ით გაიზრდა. შეცვლილი მონაცემების მიუხედავად, უცვლელია რეკომენდაცია -დავრჩეთ სახლში, შევზღუდოთ სოციალური კონტაქტები, მათ შორის ოჯახის წევრებთან.