ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტები უჩვეულოდ მაღალ ფასებში შეიძინა.
დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ 2020 წლის 6 აპრილს მერიამ 28 248 ლარის საკვები პროდუქტი ინდმეწარმე ნათია ღლონტისგან შეიძინა. ამავე დღეს დაიდო ხელშეკრულება ინდმეწარმე ლევან ლომთაძესთან, რომლისგანაც 6 ტონაზე მეტი კარტოფილი, კილო- 2,40 ლარად შეისყიდა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ბესო ქათამაძე აღნიშნულ გადაწყვეტილებებში კორუფციის ნიშნებს ხედავს და შესაბამის უწყებებს საკითხის მოკვლევას სთხოვს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი საკრებულო აღნიშნულ თემაზე კომენტარისგან თავს იკავებს, ხოლო თავად მერია განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ხელშეკრულების დადებამდე ფასების კვლევა მოხდა და ყველაფერი კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდა.