ამერიკის შეერთებული შტატები სოფელ ტახტისძირთან აგრესიული "ბორდერიზაციის" განახლების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
"ჩვენ ვგმობთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ამწვავებს დაძაბულობას და ხელს უშლის დაზარალებული მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე მიმართულ გადაუდებელ ძალისხმევას, განსაკუთრებით აღდგომის შაბათ-კვირას და გლობალური პანდემიის კრიზისის ფონზე. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეჩერდეს ნებისმიერი კონსტრუქციის, ნიშნის, ღობისა თუ ბარიერის აღმართვა, რაც ემსახურება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის უკანონო "ბორდერიზაციის" განმტკიცებასა თუ გაფართოებას.
კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის უკანონო ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფა," - აღნიშნულია განცხადებაში.
სოფელ ტახტისძირის მკვიდრების სახნავ-სათესი მიწები ოკუპანტებმა მიიტაცეს. რუსი სამხედროები სოფლის მიმდებარედ დღეს გამოჩნდნენ და მავთულხლართების გავლება ადგილობრივების მიერ დამუშავებულ ნაკვეთებში დაიწყეს.