ჯანდაცვის საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" ერთ-ერთი დამფუძნებლისა და მკვლევარის აკაკი ზოიძის განცხადებით, თუ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი თვის ბოლოსთვის 1000-ს არ გადააჭარბებს, შესაძლოა მოვლენები ნაკლები დრამატულობით წარიმართოს.
როგორც ზოიძემ აღნიშნა, აღდგომის ღამეს მრევლის ნაწილმა სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა.
"ძალიან ბევრმა კეთილგონიერება, სიყვარული და მოყვასი აირჩია და შესაბამისად, ვხედავდით, რომ იქ ვინც მივიდა ის მრევლიც საკმაოდ მოწესრიგებულად ცდილობდა რეკომენდაციების დაცვას.
აპრილის ბოლომდე თუ 1000-ს არ გადააჭარბებს პაციენტთა რაოდენობა, ეს იქნება კეთილსაიმედო სცენარის გაგრძელება. ამავე პერიოდში დავინახავთ, რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ეპიდემიოლოგიური კუთხით მოხდა თუ არა," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ინფექციონისტის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, კლინიკა "ნეოლაბის" კლინიკური განყოფილების გამგის მაია ბუწაშვილის შეფასებით კი, ზიარებასთან დაკავშირებით გარკვეული რისკები რჩება, თუმცა მრევლმა რეკომენდაციები გაითვალისწინა.
"გულრწფელად რომ ვთქვათ რაოდენობა არ იყო ისეთი, როგორსაც ჩვენ ველოდით. მაინც ნაკლები ხალხი მივიდა და კარგია, რომ გაითვალისწინეს რეკომენდაციები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა ტაძარში როგორი იყო სიტუაცია არ ვიცით, თუმცა ტელევიზიებით რასაც ვხედავდით, ერთი შეხედვით საკმაოდ კარგად იყო დაცული უსაფრთხოების ზომები. თუმცა გარკვეული რისკი რჩება ზიარებასთან დაკავშირებით," - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.