საქართველო ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, სადაც სასულიერო პირები და მრევლი ბრწყინვალე აღდგომას ტაძარში ერთად შეხვდა. თუმცა, ტაძრამდე ფეხით მიმავალი გზა მორწმუნეთა ნაწილისთვის რთული იყო, ნაწილმა შინ დარჩენა ამჯობინა.
სასულიერო პირებისთვის მძიმე აღმოჩნდა თითქმის ცარიელი ტაძრებიდან მთავარი სიტყვების წარმოთქმა "ქრისტე აღდგა"- მათ შორის, მეუფე გერასიმესთვისაც. ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი ერთ-ერთი პირველია, ვინც მრევლს შინ დარჩენისკენ მოუწოდა და ლიტანიობა ღამის ნაცვლად დილის 7 საათიდან დაიწყო. ეპისკოპოსმა ქადაგების დრო ცრემლებიც ვერ შეიკავა.
ტრადიციულად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლე არქიდიაკონმა დემეტრემ სამების ტაძრის ამბიონიდან წაიკითხა. უწმინდესმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დღეს საქართველოში ეპიდემიის გავრცელებას ებრძვის. ილია მეორეს არც მრევლის ის ნაწილი გამორჩენია, რომლებიც ბრწყინვალე აღდგომას სახლში შეხვდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსებთან ერთად ეპისტოლეს კითხვამდე რამდენიმე წუთით ადრე მივიდა. ილია მეორემ მრევლს ამბიონიდან რამდენჯერმე მიმართა, მათ შორის მაშინ, როდესაც სამების ტაძარში იერუსალიმიდან საქართველოში ჩამოტანილი ცეცხლი მოიტანეს და მორწმუნეებს ქრისტეს აღდგომა მიულოცეს.
მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეპისტოლეს ის ნაწილი, სადაც პატრიარქი ზიარების აუცილებლობასა და სიძლიერეზე საუბრებს.
ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარი სააღდგომო ლიტურგიის დასრულებიდან სამ საათში დატოვა. მრევლი კი, კომენდანტის საათის დასრულებამდე ტაძარში იმყოფებოდა. მათ სიმბოლურად პასკები და წითელი კვერცხებიც დაურიგდათ.