08 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვმა იკლო - აშშ-ში კი მოსახლეობამ თავისუფლების მოთხოვნით მიტინგი მოაწყო

"მოგვეცით თავისუფლება" - ამ შეძახილებით ქვეყნის ოთხ შტატში კორონავირუსის გამო დაწესებული აკრძალვები ათასობით ამერიკელმა გააპროტესტა. აქციაზე ნიღბების გარეშე მისულმა მომიტინგეებმა საზოგადოებრივი დისტანციის წესებიც დაარღვიეს.

აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ტრამპმა სურვილი გამოთქვა, კორონავრისუსის გავრცელების საკითხის გამოსაძიებლად ჩინეთში ამერიკელი გამომძიებლები ჩავიდნენ. ბოლო მონაცემებით შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 41 ათასს აჭარბებს.

ინფიცირებულთა რიცხვი იკლებს ევროპის ქვეყნებში. ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვალების 400-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. პირველად 6 კვირიანი კარანტინის განმავლობაში ესპანეთში ბავშვების ქუჩაში გაყვანა დასაშვები გახდება. შეზღუდვებს უკვე გადახედეს ევროპის წითელ ზონად გამოცხადებულ იტალიაშიც. ქვეყნის პრემიერმა ჯუზეპე კონტემ გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში ევროპა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და კორონავირუსთან ბრძოლაში იტალიის პირისპირ დატოვებისთვის უსაყვედურა.

პანდემიის პირობებში ერთიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება დღეს რომის პაპმა. პონტიფიკოსმა ქვეყნის ლიდერებს მოუწოდა, პოლიტიკური ინტერესები გვერდზე გადადონ და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანდნენ.

ზომების შემსუბუქებას იწყებს ახალი ზელანდია. ქვეყანაში მეოთხე დონის შეზღუდვების დაწესებიდან თითქმის ერთი თვე გავიდა. მთავრობის გადაწყვეტილებით დაიხურა სკოლები, ოფისები, რესტორნები და სათამაშო მოედნები. 27 აპრილიდან კი, ქვეყანა ორი კვირით მესამე დონის შეზღუდვებზე გადავა, რომლის მიხედვითაც დაშვებული იქნება ეკონომიკური აქტივობები.

ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება ჩინეთში, სადაც ბოლო სამი დღეა, არც ერთი ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სულ ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაფიქსირებული შემთხვევებიდან 8 იმპორტირებულია.

დღის ამბები