გახანგრძლივდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა - პარლამენტში სხდომა 22 აპრილს ჩაინიშნა.
სავარაუდოდ ახალი ვადა 10 მაისი იქნება. სწორედ მაისის პირველ ნახევარში ელოდებიან მედიკოსები კორონავირუსის პიკს საქართველოში. ამიტომ, ვადის გახანგრძლივების გარდა, საუბარი შესაძლოა ზომების გამკაცრებაზეც იყოს.
ოპოზიცია ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე ხმის მიცემის სანაცვლოდ მთავრობისგან ეკონომიკურ გეგმას ითხოვს, თუმცა მმართველ პარტიას გადაწყვეტილების მისაღებად საკუთრი 76 ხმაც ჰყოფნის.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ აუცილებელია მთავრობამ წარადგინოს ეკონომიკური გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ რას უპირებს სახელმწიფო პირველ რიგში იმ ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს.
"იმისთვის, რომ გახანგრძლივებული იყოს საგანგებო მდგომარეობა, აუცილებელია მთავრობამ წარმოადგინოს ეკონომიკური გეგმა, პირველ რიგში, თუ რას უშვება იმ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და როგორ უნდა დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სერიოზული პრობლემები აქვთ ეკონომიკური კუთხით. შეზღუდვები შეიძლება იყოს შენარჩუნებული, მაგრამ კონკრეტული არაფრის მომცემი შეზღუდვები, ჩემი აზრით უნდა იყოს გაუქმებული. ისეთი შეზღუდვები, რომლებიც ეხება მაგალითად კომენდანტის საათს, ავტომანქანებით გადაადგილებას და ა.შ." - აცხადებს სერგი კაპანაძე.
როგორც პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შემთხვევაში მთავრობისგან წარმოდგენილი უნდა იყოს საგანგებო ბიუჯეტი.
"მოვითხოვთ, რომ წარმოდგენილი იყოს ეკონომიკურ ღონისძიებათა გეგმა და საგანგებო ბიუჯეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარდაჭერას ჩვენ არ ვაპირებთ და ასევე გარანტია უნდა მოგვცეს ხელისუფლებამ იმის შესახებ, რომ საგანგებო მდგომარეობის ეს რეჟიმი იქნება შესრულებული ყველასათვის და არ იქნება შერჩევით გამოყენებული როგორც აქამდე ხდებოდა. ასევე უნდა გვითხრას, რა რაოდენობის ფულადი ან სხვა სახის დახმარების გაწევას აპირებს სახლში ფაქტობრივად შიმშილის პირას მისული ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე რა გეგმები აქვს ბიზნესის გადასარჩენად," - აცხადებს რომან გოცირიძე.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის თქმით, უმრავლესობას საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების იმედი აქვს.
"შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ ამ საკითხზე. დავეთანხმებით საგანგებოს გაგრძელებას გამომდინარე იქიდან, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოკლე დროში ეს ზომები გამკაცრდეს, რომ მალე დავიყვანოთ მინიმუმამდე ეს საშიშროება COVID 19-ის გავრცელების," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.