ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, ოპოზიცია ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე ხმის მიცემის სანაცვლოდ, მთავრობისგან ეკონომიკურ გეგმას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტებს კონკრეტული პირობები აქვთ, რისი დაკმაყოფილების გარეშეც ისინი საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას მხარს არ დაუჭერენ.
"აბსურდული შეზღუდვების გაუქმების გარეშე, რისი მაგალითებიც არის ცოლ-ქმრის დაჯარიმება ერთმანეთის გვერდით ჯდომისთვის და ბევრი სხვა რამ... და რაც მთავარია ეკონომიკური გეგმის გარეშე, რაც გულისხმობს გადასახადების არსებით დაწევას, საპენსიო გადასახადის შეჩერებას და ამ ფულის ადამიანებისთვის დაბრუნებას, რაც მათ ეკუთვნით და კონკრეტულად გაწერილი ნაბიჯების გარეშე, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას ამ უმძიმესი მდგომარეობიდან ნელ-ნელა, ვერ დავუჭერთ მხარს ასეთ რეჟიმს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია.
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილის თქმით, დღეს არ არსებობს კონკრეტული გეგმა, რომელიც ქვეყანა არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდება.
"ჩვენ დღეს არ გვაქვს პასუხი, რა არის სახელმწიფოს ჯანდაცვის პოლიტიკა ამ გრძელვადიან გამოწვევასთან გამკლავებისთვის და რა არის მზადყოფნა ჩვენი ჯანდაცვის სისტემის იმ პიკისთვის, რომლის გადავადებაც იყო მთავარი მოტივაცია იმ საგანგებო ღონისძიებების, რომელიც შემოღებული იქნა," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.