პარლამენტის რიგგარეშე სესია, სადაც დეპუტატებს კორონავირუსის საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაგრძელებაზე უნდა ემსჯელათ, პოლიტიკური დაპირისპირების ტრიბუნად იქცა.
სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა, რომელმაც განმარტა, რა შეიძლება გამოიწვიოს შეზღუდვების ნაადრევმა მოხსნამ.
ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტის სესიაზე არ მისულა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. სამაგიეროდ, მთავრობის სახელით განცხადება გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სესიაზე ოპოზიციამ უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ მათ არ მიეცათ საშუალება პრეზიდენტისა თუ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის კითხვები დაესვათ. ოპოზიციამ ვერ მოისმინა პასუხი მთავარ კითხვაზე - თუ რატომ გახდა აუცილებელი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაგრძელება არა 10, არამედ 22 მაისამდე. ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მოიხსნა შეზღუდვები საავტომობილო გადაადგილებასთან დაკავშირებით გუშინვე და რატომ გახანგრძლივდა კიდევ 1 კვირით.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ სალომე სამადაშვილის განცხადებით, ისურვებდა, რომ სესიაზე ყოფილიყვნენ პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი, რომ მათთვის კითხვების დასმის საშუალება მისცემოდათ. მან გამოხატა უკმაყოფილება რეგლამენტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უკეთესი იქნებოდა, დღევანდელი სესია კითხვა-პასუხის ფორმატში გამართულიყო. სალომე სამადაშვილმა ახსენა, ასევე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა სოციალურ ქსელ "tik-tok"-ში და მას "ჰაკა ჰიპ-ჰოპის სტილში" უწოდა და აღნიშნა, რომ საზოგადოება "ბევრად მეტს იმსახურებს."
კითხვების დასმის შესაძლებლობას, ყოველგვარი პოლიტიკურ შეფასებების გარეშე ითხოვდა "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერიაც.
კითხვა-პასუხის რეჟიმის არ არსებობის გამო უკმაყოფილო ოპოზიციონერებს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ხაზი გაუსვა, რომ ფორმატს რეგლამენტი ითვალისწინებს.
სალომე სამადაშვილის რეპლიკას ბიძინა ივანიშვილის Tik-Tok-ზე გამოჩენასთან დაკავშირებით გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი სოფიო კილაძე, ივანიშვილს "ქვეყნის სიმყარის გარანტი" უწოდა და აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან კარგი და პოზიტიური ნაბიჯი მათი მხრიდან, ოპოზიცია კი მას ცუდად იყენებს.
პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძემ მოითხოვა მეტი კონკრეტიკა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია კონკრეტული ციფრებით საუბარი, როდესაც საუბარია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნასა თუ მის გაგრძელებაზე.
"ქართული ოცნების" წევრმა ზაზა გაბუნიამ ოპოზიციას მიმართა, ნუ გამოიყენებს პანდემიას საარჩევნო მიზნებისთვის.
სიტყვით გამოვიდა დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის მხარდაჭერისთვის ანტიკრიზისული გეგმის გაცნობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რადგან არ იცის, თუ რა ელით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დაზარალებულ ადამიანებს, ის მის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაგრძელებას, ის ავტომატურად გაუქმდება, თუმცა "ქართულ ოცნებას" ამ გადაწყვეტილების მისაღებად ხმები საკმარისად აქვს.