"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ პოლიტიკური ოპონენტების და ბოტების მხრიდან ექიმებისა და მიღებული სხვა ზომების კრიტიკა პოლიტიკური მოროდიორობაა, ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან.
"ევროპული საქართველოს" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მმართველი პარტიის წევრები პოლიტიკურ ქულებს იწერენ.
"პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლება, რომელსაც შიმშილის წინაშე დარჩენილი ათასობით ოჯახისთვის რეალური დახმარების შეთავაზება არ შეუძლია, ექიმების ზურგს ეფარება. იმ ექიმების, რომელთაც ტესტირების, სათანადო ეკიპირებისა და საავადმყოფოებში ტრანსპორტირების პრობლემა დღემდე ვერ მოუგვარებია. ირაკლი კობახიძის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ხალხის გაჭირვებაზე პოლიტიკური ქულების დაწერისა და ივანიშვილის გაკოტრებული მმართველობის გადარჩენის მცდელობა," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, ხელისუფლებას ეშინია იმ უკმაყოფილების ტალღის, რომელიც მისი შეფასებით გაიზრდება. მისივე თქმით, ხელისუფლება საზოგადოების გაჩუმებას ცდილობს.