18 ნოემბერი 2024,   07:50
ვრცლად
შეთანხმებაში საუბარი იყო მართლმსაჯულების პოლიტიკური ჩარევებისგან თავისუფლებაზე და არა კონკრეტულად რომელიმე საქმეზე - არჩილ თალაკვაძე პოლიტპატიმრებზე

ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო ცვლილებების მხარდაჭერის ერთ-ერთ პირობად პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხის დაყენებას არჩილ თალაკვაძე "დღის კურიერის" ეთერში კიდე ერთხელ გამოეხმაურა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით,  შეთანხმებაში საუბარი იყო მართლმსაჯულების პოლიტიკური ჩარევებისგან თავისუფლებაზე და არა კონკრეტულად რომელიმე საქმეზე. თალაკვაძის თქმით, სასამართლო თავისუფალია და მმართველი გუნდი ვერ უკარნახებს მას რომელ საქმესთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს:

"ამაზე საზოგადოებამ იცის ჩვენი პოზიცია ძალიან კარგად, ჩანაწერიც მკაფიოდ ამბობს, რომ არ უნდა მოხდეს რომელიმე მხრიდან მართლმსაჯულების პროცესში პოლიტიკური ჩარევა, შესაბამისად, ჩვენ სასამართლოს ან მართლმსაჯულების სისტემას როგორც პოლიტიკოსები, ვერ ვუკარნახებთ, თუ რა უნდა გააკეთოს, ეს ჩვენ ასე გვესმოდა ყოველთვის და ასე გვესმის დღესაც. შესაბამისად, ამაზე ოპოზიციისთვის ვერანაირი პირობა ვერ იქნებოდა მიცემული, ამიტომაცაა, რომ შეთანხმებაში ამ პირობების და საქმეების შესახებ არ არის ჩაწერილი. მე კარგად მესმის ოპოზიციის განწყობები, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათაც გარკვეული ვალდებულებები აქვთ თავის კოლეგებთან ვინც პატიმრობაში არიან, მესმის მათი განცხადებების ქვეტექსტებიც. შეთანხმება შედგა კონკრეტულად საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით,  ეს ცვლილება და დემოკრატიული არჩევნები ბევრად მაღლა დგას,  ვიდრე რომელიმე კონკრეტული საქმე, მით უმეტეს, ისეთი საქმეები, სადაც კონკრეტული სამართალდარღვევებია გამოკვეთილი,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, სასამართლო სისტემა დღეს ბევრად თავისუფალია და სწორი გზით ვითარდება, ხელისუფლება  კი, მართლმსაჯულების პროცესში ვერ ჩაერევა.

დღის ამბები