სოციალურად დაუცველებისთვის 20 მაისიდან დახმარების გაცემა დაიწყება. ამ კატეგორიაში შემავალი მრავალშვილიანი ოჯახები კი ანაზღაურებას ბავშვების რაოდენობის შესაბამისად მიიღებენ. COVID-19-ის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია ჯანდაცვის მინისტრმა გამართა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სახელმწიფო ყველანაირად ეცადა, დახმარების პაკეტები მაქსიმალურად სამართლიანი ყოფილიყო.
კომპენსაციის გაცემის დეტალური გეგმისა და ეკონომიკური საქმიანობის აღდგენისთვის საჭირო პროცედურების შესახებ დეტალურად დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა, თამილა ბარკალაიამ ისაუბრა.
"სოციალურად დაუცველები 6 თვის განმავლობაში მიიღებენ ერთსულიან ოჯახზე 70 ლარის ოდენობით თანხას, ორსულიანზე 90 ლარის და სამსულიანზე - 105 ლარის ოდენობის თანხას. 6 თვის განმავლობაში თითოეულ ოჯახზე გამოყოფილი იქნება საშუალოდ 600 ლარი, თუმცა, ოჯახების უმრავლესობაზე 600 ლარზე გაცილებით მეტი იქნება გამოყოფილი. შშმ პირები, ბავშვები, რომელთა რაოდენობა, დაახლოებით, 40 ათასია, დამატებითი საბუთების წარდგენის გარეშე მიიღებენ ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით, 6 თვის განმავლობაში,"- განაცხადა თამილა ბარკალაიამ.
მისივე თქმით, დახმარებას მიიღებენ ადამიანები, რომლებიც დაქირავებით დასაქმებულები არიან.
"დაქირავებით დასაქმებული ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან არიან უხელფასო შვებულებაში, მათ დასახმარებლად დაწესებულია 1200 ლარიანი კომპენსაცია, რომლის გაცემა განხორციელდება მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით. დაქირავებულზე კომპენსაციის გაცემა განხორციელდება საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით. უკვე იდენტიფიცირებული თვითდასაქმებულები შემთხვევაში ძალიან მარტივი პროცედურა იქნება - 15 მაისს ჩვენს ვებგვერდზე გაიხსნება რეგისტრაციის პორტალი, რომელიც პირველ აპრილამდე იმუშავებს. აღნიშნული ადამიანები მხოლოდ ბანკის ანგარიშის ნომერს ატვირთავენ და მიიღებენ ერთჯერადად 300 ლარს.
ხოლო მეორე კატეგორიის თვითდასაქმებულებმა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე - www.moh.gov.ge უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადის ფორმა არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივლისისა. განაცხადი მოიცავს იმ კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც დაადასტურებს მათ შემოსავალს და ეკონომიკურ საქმიანობას 2020 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში,"- განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა, თამილა ბარკალაიამ.