ოპოზიცია მთავრობას აკრიტიკებს და ანტიკრიზისული გეგმის უმოქმედობაზე საუბრობს. "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა საზოგადოებას თავიანთი სამოქმედო გეგმა გააცნეს, რომელიც, მათი თქმით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმისგან რადიკალურად განსხვავდება.
"გეგმამ წარდგენის პირველი წუთიდანვე გააჩინა ბევრი კითხვის ნიშანი, "ევროპულ საქართველოს" გეგმის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა და აქვს. ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ შედარებას, თუ რა უნდა ყოფილიყო და როგორია ჩვენი ხედვა.
ეკონომიკის კრიზისიდან გამოსაყვანად 3 მილიარდნახევრიანი პაკეტი საკმარისი არ არის, ჩვენი გეგმა კი 6 მილიარდი ლარის დახმარებას ითვალისწინებს, რომელიც, პირველ რიგში, უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს მოხმარდებათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, მარტში საარსებო მინიმუმია 206 ლარი, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს აძლევს იმაზე ნაკლებ თანხას, ვიდრე ეს საარსებო მინიმუმია. ამასთან, უხელფასო ადამიანები დღეს, საშუალო კლასს წარმოადგენენ, თუ ჩვენ მათ საარსებო მინიმუმით დავეხმარებით, ეს იმას ნიშნავს, რომ საშუალო კლასი სოციალურად დაუცველების კატეგორიაში გადაგვყავს, რაც მოარღვევს იმ კლასს, რომელზეც ქვეყნის ეკონომიკა დგას.
ამის გათვალისწინებით, ქვეყანაში გვეყოლება ძალიან ცოტა ძალიან მდიდარი ადამიანი და ძალიან ბევრი ძალიან ღარიბი ადამიანი. ჩვენი ხედვით, მათ არა 200 ლარი, არამედ, 8 თვის განმავლობაში მათ ეკუთვნით ხელფასის ან დანაკლისის 40%,"- განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.
ბაქრაძის თქმით, თვითდასაქმებულებს, რომელთა რაოდენობაც საქართველოში დაახლოებით 840-ია, მათი გეგმის მიხედვით, 520 ლარიან ი პაკეტი გადაეცემათ. მისივე თქმით, ამ რიცხვში შედიან, სოფლად მცხოვრებლებიც, სოციალურად დაუცველებიც და პენსიონერებიც.
"ევროპული საქართველოს მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ კი აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრისგან მოსმენილი პასუხი, საპენსიო დანაზოგთან დაკავშირებით უტიფარი პასუხი იყო - გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საპენსიო დანაზოგის მოქალაქეებისთვის გადაცემა ხელისუფლების მხრიდან უპასუხისმგებლო საქციელი იქნებოდა. ბოკერია, ასევე, ამბობს, რომ გეგმაში აუცილებლად უნდა იყოს გადასახდების არსებითი შემცირების პაკეტი, რათა მეწარმეთა დიდი ნაწილი ფეხზე დადგეს და კრიზისს გაუსწორდეს.
"გადასახდების არსებითი შემცირების გარეშე, მეწარმეთა დიდ ნაწილს არ აქვს შანსი, რომ ფეხზე დადგეს, თუნდაც მდგომარეობის გამოკეთების შემდეგ. ის ილუზია, რომ ამ გადასახადების ზღვარით ხალხი გადახდას შეძლებს - სისულელეა. ბევრი ადამიანი გაკოტრდება,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.