ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლებში გვარა, ლეღვა, ცეცხლაურა და ხუცუბანში დღეიდან გამკაცრებული შეზღუდვები მოიხსნება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაშ, აჭარაში დაინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის თქმით, ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, როგორც სახელმწიფო ისე ადგილობრივმა მოსახლეობამ შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთა, რაც შედეგიანი აღმოჩნდა და შეზღუდვების მოხსნის საფუძველი გახდა.
"დღეის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს მეორე საინკუბაციო პერიოდის დასასრული. არ გვქონია რამდენიმე დღის განმავლობაში ახალი შემთხვევა, რაც ქობულეთის კლასტერთან იქნებოდა დაკავშირებული. შესაბამისად თერმოსკრინინგის შედეგად გამოვლენილი 32 საეჭვო შემთხვევა იქნა გატესტილი და პასუხები ასევე არის უარყოფითი. ანუ დღეს გვაქვს მატერიალური და ფორმალური საფუძველი იმისა, რომ ვიმუშაოთ ძალიან აქტიურად უკვე ამ რეჟიმის მოხსნაზე.
ეს რეჟიმი მოქმედებდა ყოველგვარი ხარვეზების და გართულების გარეშე. შესაბამისად მოსახლეობა ასევე პოზიტიურად ეკიდება შეზღუდვების მოხსნის და შერბილების პერსპექტივა, რაც დადებითად აისახება ასევე სასოფლო სამეურნეო სამუშაოების წარმოებაზე.
მნიშვნელოვანი აღვნიშნო, რომ საკარანტინო სიტუაციის მოხსნა ან შერბილება არ გულისხმობს საგანგებო სიტუაციის რეგულაციების გაუქმებას. ძალაში რჩება სოციალური დისტანცირების პრინციპის დაცვის აუცილებლობა, პირბადეების ტარება, დეზინფექციის განხორციელება," - განაცხადა ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ.
ქობულეთის 4 სოფელში საკარანტინო რეჟიმი 12 აპრილიდან მოქმედებს. ამ პერიოდში თერმოსკრინინგი 33 ათას 800-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, PCR ტესტირება კი 520 პირს, ეპიდემიოლოგების მიერ გამოკვლეული იყო 572 კონტაქტი და სავარაუდო კონტაქტი, რომლებიც იზოლაციაში გადაიყვანეს.