რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმის შედეგად კახეთის 20-მდე სოფელი დაზარალდა. სტიქიის ზონაში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ადიდებულ მდინარეებზე ნაპირსამაგრი სამუშაოებია დაწყებული.
დაზარალებული სოფლების მცხოვრებლები "კურიერთან" ყვებიან, რომ გაუწმენდავი სანიაღვრე არხებისა და უხარისხოდ ჩატარებული ნაპირსამაგრი სამუშაოების გამო სტიქია მათ მოსავალს თითქმის ყოველ წელს ანადგურებს. დაზარალებული მოსახლეობა სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს.
"გუშინ, გუშინ წინ რომ დაიწყო წვიმა, ნახევარ სოფელზე მეტი წყალშია. პომიდორი გვქონდა, ბადრიჯანი გვქონდა, ლობიო დათესილი - სულ წაღებულია. შეხედეთ, რა დღეშია, ამ მიწის პატრონმა რა უნდა გააკეთოს. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ეს სოფელი, არავინ აქცევს ყურადღებას ამ სოფელს და უპატრონოდაა. არხებია გასაწმენდი და მდინარეა გასაკეთებელი,"- განაცხადა საბის მეხტიევმა.
ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი მოსახლეობას მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას შეჰპირდა, თუმცა გლეხებს და ფერმერებს დაზღვევის სერვისით სარგებლობაც ურჩია.
"დაახლოებით 11 კილომეტრი ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩავატარეთ, კაპიტალურად მოვაწყეთ. ეს სამუშაოები მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება. ვცდილობთ, აღვრიცხოთ, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურული ზარალი რაც არის, რა სამუშაოები შეიძლება სამომავლოდ, პრევენციის მიზნით ჩატარდეს. ჩვენ მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში რაც იქნება, შესაბამის დახმარებას აღმოვუჩენთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დაზღვევის მექანიზმი არსებობს ჩვენს ქვეყანაში და ყველამ, გლეხმაც და ფერმერმაც თავისი მოსავალი უნდა დააზღვიოს,"- განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.
სტიქიით დაზარალებული ლაგოდეხის, ყვარლისა და ახმეტის 20-მდე სოფელში დღეიდან დეტალური აღწერა უნდა დაიწყოს. სტიქიის ზონაში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ადიდებულ მდინარეებზე ნაპირსამაგრი სამუშაოებია დაწყებული. რამედნიმე დღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად განადგურდა 150 ჰექტარამდე ნათესები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და გზები.