26 აპრილი 2024,   11:06
ვრცლად
3 ახალი შემთხვევიდან 1 არის სატვირთო მანქანის მძღოლი, 2 უკვე არსებული შემთხვევების კონტაქტი - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 3 ახალი ინფიცირებულიდან 1 სატვირთო მანქანის მძღოლია, 2 კი არსებული კლასტერებიდანაა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა რიცხვს 408-ით აჭარბებს.

"მატება ზომიერი და კონტროლირებადია როგორც ვხედავთ ბოლო 10 დღის განმავლობაში. დაგვემატა 3 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვმაც მოიმატა 16-ით. იყო 557 და ახლა 573 გამოჯანმრთელებული გვყავს. ეს დაახლოებით 78 პროცენტია ინფიცირებულებიდან. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 153 დადასტურებული პაციენტი. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 408-ით აჭარბებს ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს. 3 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 არის სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა, დანარჩენი 2 გახლავთ უკვე არსებული შემთხვევების კონტაქტი," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მათ ცენტრში 32 ინფიცირებული მკურნალობს. 

"ჩვენს ცენტრში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ შემოსულა. გვყავდა 34, 2 გამოჯანმრთელდა ამ 16-დან და დატოვა ჩვენი კლინიკა. ამ ეტაპზე 32 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს ჩვენთან.

3 მძიმე ავადმყოფის დინამიკაც არის გაუმჯობესებული. შეიძლება ითქვას, რომ ამ სამიდან ერთის მდგომარეობა ჯერ კიდევ საყურადღებოა. დანარჩენი 2-ის მდგომარეობა დინამიურად გაუმჯობესებულია, რაც პროგნოზის კეთილსაიმედოობაზე მეტყველებს," - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

  

დღის ამბები