26 აპრილი 2024,   10:57
ვრცლად
კალიფორნიაში ფედერალური სამსახურის ოფიცრების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს - დაიღუპა ერთი ოფიცერი

შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, კალიფორნიაში ფედერალური სამსახურის ოფიცრების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, დაიღუპა ერთი ოფიცერი.

მსხვერპლი მოჰყვა დეტროიტში გამართულ აქციასაც, სადაც 19 წლის ბიჭი მოკლეს. პოლიციის განცხადებით, ცეცხლი ღამით დაუდგენელმა პირმა გახსნა.

პოლიციამ აქციებზე ათობით ადამიანი დააკავა. ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მინეაპოლისში, ატლანტაში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში უკვე მეოთხე დღეა აქციები იმართება. საპროტესტო გამოსვლებისა და არეულობების გამო, პენტაგონმა მინეაპოლისში სამხედრო პოლიციის რამდენიმე დანაყოფი მზადყოფნაში მოიყვანა.

აქციებს ძალადობრივი ხასიათი აქვს. დემონსტრანტებმა დაწვეს მანქანები, მაღაზიები და დაარბიეს საჯარო დაწესებულებები.

46 წლის ჯორჯ ფლოიდი ორშაბათს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა, რასაც ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი გუშინ დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.

დღის ამბები