"კურიერის" ინფორმაციით, ქავთარაძის სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვია - მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
"კურიერმა" გაარკვია, თუ რას ედავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულს, რომელიც აჰმედის სახელითაა ცნობილი. ირკვევა, რომ პირი მალავდა საკუთარ ვინაობას, სახელს, გვარს და საქმიანობას. "კურიერის" ინფორმაციით, მისი ნამდვილი სახელი და გვარი ვასამბეგ ბოკოვია და ის რუსეთის მოქალაქეა.
დაკავებულის უფლებადამცველი ნინო მიქატაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება სხვა ქვეყნის მოთხოვნით მოხდა.
"ვიცავ ვასამბეგ ბოკოვის ინტერესებს, რომელსაც მიმდინარე წლის 14 ივნისს წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა-შენახვას მისი გამოყენების მიზნით და, ასევე, ამ დოკუმენტის გამოყენებას. ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლოს უკვე მიმართა და ბრალდებულის პირველი სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. ბრალდების მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების სახე გახლავთ დაპატიმრება.
ბრალდებულის პოზიციას ვერ მოგახსენებთ, ვინაიდან არ შემდგარა გამოკითხვის ოქმი, ხოლო კონსულტაციის დროს გამოთქმულ პოზიციას ვერ გეტყვით,"-აღნიშნა ადვოკატმა.
რამდენიმე დღის წინა საქმესთან დაკავშირებით პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრის, ხასო ხანგოშვილის სახლიც გაჩხრიკეს. მისი მტკიცებით, აჰმედის სახელით ცნობილი პიროვნების ნამდვილი ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
"მე მხოლოდ მისი სახელი ვიცი - აჰმედი, ასე ვიცნობდი. გვარი არ ვიცოდი. ხდება ხოლმე, შეიძლება პასპორტში სხვა სახელით იყოს და ურთიერთობაში სხვა სახელით სარგებლობდეს. ჩვეულებრივი მოვლენაა. დანამდვილებით ვერ გეტყვით, სინამდვილეში მისი მონაცემები არ ვიცი, არ დავინტერესებულვარ. თუ ჩემი ქვეყნის, ქართველი ხალხის წინაშე აშავებდა ან ფიქრობდა რამე დაეშავებინა, ე.ი ის ჩემ წინააღმდეგაც მოქმედებდა, ეს ცალსახაა. ამიტომ, ამ კუთხით, მართლაც არ მაინტერესებს მისი ბედი,"-განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომ საქართველოში ბიზნესი ჰქონდა, რეალურად კი სრულიად სხვა საქმიანობით იყო დაკავებული, რაც მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა. ქავთარაძეზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულს ბრალი ყალბი დოკუმენტების დამზადება- შენახვა-გამოყენების მუხლით წაუყენეს.