18 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
მან გვითხრა, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლებასთან ჰქონდა პრობლემები და ვერ ბრუნდებოდა - რას ჰყვება ვასამბეგ ბოკოვზე მექა ხანგოშვილი

პანკისის ხეობიდან ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი "კურიერთან" ჰყვება, რომ პანკისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ვასამბეგ ბოკოვი მასთან საუბრისას აცხადებდა, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლებასთან პრობლემები ჰქონდა. როგორც მექა ხანგოშვილი აცხადებს, ბოკოვი პანკისში სწორედ ორი გვარის შერიგების პროცესში მონაწილეობისთვის იყო ჩამოსული. 

"ამ პიროვნებას ჩვენი ოჯახი ვიცნობდით, როგორც აჰმედს და თუ სხვა გვარი და სახელი ჰქონდა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა. ეს ახალგაზრდა რამდენიმეჯერ იყო ჩვენს ოჯახში, ერთად ვიმგზავრეთ კიდეც, პანკისიდან თბილისში მასთან ერთად ჩამოვედით. ჩემზე დატოვა საოცრად კარგი შთაბეჭდილება - ძალიან წესიერი, განათლებული და რიგითი, ადათ-წესების დამცველი ჩეჩენი, რომელმაც მითხრა, რომ ჩეჩნეთის დღევანდელ ხელისუფლებასთან ჰქონდა რაღაც უკმაყოფილება, წამოსულია იქიდან და იქ დაბრუნების საშუალება არ აქვს. მეტი ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს.

მისი პანკისში ჩამოსვლის მიზეზი ჩვენთვის ნამდვილად იყო იმ შერიგებაში მონაწილეობა, რომელიც უკვე ვიცით და დეტალებზე აღარ ვისაუბრებ,"-განაცხადა მექა ხანგოშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "კურიერისთვის" ცნობილი გახდა ქავთარაძის სპეცოპერაციისას დაკავებული პირის ვინაობა - ის რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვია. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. დაკავებულს ბრალი ყალბი დოკუმენტების დამზადება- შენახვა-გამოყენების მუხლით წაუყენეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვასამბეგ ბოკოვი პანკისის ხეობაში ორი დაპირისპირებული გვარის, ქავთარაშვილებისა და მუთოშვილების შერიგების პროცესში მონაწილეობისთვის ჩამოვიდა. 

დღის ამბები