ტელეკომპანია "მთავარის" დირექტორის გამოკითხვა დასრულდა. ნიკა გვარამია მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოკითხეს.როგორც გამოკითხვიდან გამოსულმა გვარამიამ საქმის დეტალებზე საუბრისას მედიასთან განაცხადა, მას წყაროსგან აქვს ინფორმაცია, რომ ბოკოვი, რომელიც სუსმა სპეცოპერაციის შედეგად დააკავა არის არა ქილერი, არამედ მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრი და შესაბამისად მას აუცილებლად ეყოლება თანამზრახველებიც:
"ჩემი წყაროს ინფორმაციით ბოკოვი არ არის ქილერი, ის არის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრი , შესაბამისად თანამზრახველი მას აუცილებლად ეყოლება, მათი მოქალაქეობა ჩემთვის უცნობია," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გვარამიას თქმით, მას ამ თემისგან სკანდალის გაკეთება და ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოყენება, არ უცდია და შესაბამისად ამ დრომდე ამიტომ არ მოხდა ინფორმაციის გამჟღავნება:
"ჩვენ გვქონდა სხვა ტიპის ინფორმაცია ბოკოვთან დაკავშირებით და არც ვიცოდით გაბუნიას ვინ სახელი და გვარი უთვალთავალებდა, ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთის ტერიტორიიდან წამოვიდა შეკვეთა, კადიროვი ფიგურირებდა უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ ჩეჩენთან დაკავშირებით. ეს ჩეჩენი ვისი მოქალაქე იყო არ დაზუსტებულა, ამის შემდეგ ეს საქმე მიიღო საქართველოს უშიშროებამ და მან დაიწყო ამის შესწავლა, შესწავლა რომ დაიწყო აქედან ვიცით ჩვენ ეს, თავიდან მაინც და მაინც არ იქნა სერიოზულად აღქმული და ჩათვალეს უკრაინაში მყოფი ქართველი პოლიტიკოსების პროვოკაციად, რამდენიმე დღის შემდეგ ვიღებთ ინფორმაციას, რომ როგორც ჩანს დასტურდება რაღაც დეტალები და დაიწყო ფართომასშტაბიანი შესწავლა ამ ყველაფრის, ამას სუსი გვაძლევს, შესაბამისად აღარ მივმართეთ, რაკიღა ოპერაცია მიმდინარეობს. ჩვენ შევამჩნიეთ თვალთავლიც და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სუსის თვალთვალი გაგვიხარდა. გვითხრეს, რომ მარშრუტის დამდგენი პირი დაჰყვება გაბუნიას და ჩვენ დავყვებით ამ პირს. დაცვამაც თქვა, რომ სუსის მანქანებს ვამჩნევთ, ამიტომ მიმართვა არ გაგვიკეთებია, თქვენ ვერ გაიხენებთ ვერცერთ ჩვენ გამონათქვამს, რომ სახელმწიფო რამეში დავადანაშაულეთ, გაბუნიაზე თავდასხმის ორგანიზებაში. პასუხს რომ არ სცემს რუსეთს ეს მეორე, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისი თქმით თავდაპირველად ინფორმაცია სარწმუნოდ არ მიიღეს და ჰქონდათ ეჭვი, რომ ამ ინფორმაციის მიწოდება გიორგი გაბუნიას შესაშინებლად ხდებოდა. როგორც გვარამია ამბობს, ასე მიიჩნევს მისი მეგობრების ნაწილი ახლაც, მათ შორის უკრაინაშიც.
მისი თქმით, გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის დაგეგმვასთან დაკავშირებით მას საუბრები ჰქონდა უკრაინაში მეგობრებთანაც, თუმცა ამ ინფორმაციის დადასტურება მათგან არ წამოსულა:
"მე არ დავაკონკრეტებ ვისთან მქონდა საუბარი. ვცადე დამეზუსტებინა, არავითარი დადასტურება არ წამოსულა. ბოლომდე ამ ინფორმაციის სიზუსტის არ მჯეროდა, მათ დღემდე არ სჯერათ ამ ინფორმაციის ნამდვილობის,"- აღნიშნა გვარამიამ.