ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის, მიერ გამართულ ბრიფინგზე მცირე ინციდენტი მოხდა. მაშინ, როდესაც გრიგოლ ვაშაძე განცხადებას აკეთებდა, უცნობმა პირმა მსუბუქი ავტომანქანის გაბმული სიგნალით რამდენჯერმე ჩაიარა, რა დროსაც მას "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა მანქანის გაჩერება მოსთხოვეს.
ენმ-ს მხარდამჭერებსა და უცნობ პირს შორის შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტი მალევე ამოიწურა, ადგილზე საპატრულო პოლიციაც იმყოფებოდა.
შეგახსნებთ, რომ დღეს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძემ მხარდამჭერებთან ერთად ბრიფინგი გამართა.
გრიგოლ ვაშაძემ 20 ივნისის მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ახალგაზრდებს სადამსჯელო ოპერაცია ჩაუტარა. მისი თქმით, ხელისუფლება, რომელიც მსუბუქი ფორმითაც ვერ აფასებს ჟურნალისტის მკვლელობის დაგეგმვის ფაქტს, არბევს საკუთარ მოქალაქეებს. ბრიფინგის მიმდინარეობისას მცირე ინციდენტი მოხდა.