სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჟურნალისტი ნოდარ მელაძე გამოიკითხა. უწყებაში ის საათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა. მელაძის თქმით, მთავარი თემა იყო გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმე.
ნოდარ მელაძის ინფორმაციით, გამოკითხვაზე დაინტერესდნენ, როდის გაიგო მან გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების შესახებ და მიიღო თუ არა ეს ინფორმაცია უშუალოდ გიორგი გაბუნიასგან. ასევე, მისი თქმით, სუსს აინტერესებდა, ვისი ინიციატივით მომზადდა ამ თემაზე სიუჟეტი და რა დოკუმენტები არის მათ ხელში.
"ყველა ამ კითხვაზე პასუხი არის ერთი - სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი გვაძლევს საშუალებას, ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის შესახებ არ მივცეთ ჩვენება, ასე ჩაიწერა ჩვენებაში,"- განაცხადა ნოდარ მელაძემ.
"გამჭვირვალედ ჩატარდა გამოკითხვის პროცედურა. ქვეტექსტები, ყოველ შემთხვევაში, მე არ მინახავს, გამომძიებელს, რეალურად, ევალებოდა ამ საქმიდან გამომდინარე, ლოგიკურად დაესვა ის კითხვები, რაც ჩვენ მიმართ იყო გამოყენებული. შესაბამისად ჩვენ მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რისი მიწოდების ვალდებულებაც გაგვაჩნდა, რაც შეეხება ინფორმაციის წყაროს, ჟურნალისტურ საქმიანობას, ეს კანონით არის დაცული და ამის გამჟღავნების ვალდებულება ჩვენ არ გვაკისრია,"- განაცხადა ნოდარ მელაძის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა.
ამავე საქმეზე პარასკევს "ტვ პირველის" ჟურნალისტის, მაკა ჩიხლაძის გამოკითხვა იგეგმება.