პოლიცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეში მონაწილე პირს ისევ ეძებს. მისი იდენტიფიცირება გვიან ღამით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე სამივე პირი - გარდაცვლილი, დაჭრილი და სავარაუდო ბრალდებული ნათესავები არიან.
დაპირისპირების კონკრეტული მიზეზი უცნობია, თუმცა კონფლიქტის სავარაუდო მიზეზად სახელდება საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც სუფრასთან დაიწყო და შემდგომ ქუჩაში გადაინაცვლა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევის ადგილზე იყო ორი გასროლის ხმა. სავარაუდოდ, დანაშაული ერთმა პირმა ალკოჰოლური თრობის ნიადაგზე ჩაიდინა. გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, დაჭრილი კი საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზეა.
ექიმების თქმით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაციაც.
"ჭრილობა იყო გამჭოლი კისრის არეში. დაზიანებული იყო მარჯვენა პლევრის ღრუ და მაგისტრალური სისხლძარღვები. პაციენტის მდგომარეობა ამჯერად მძიმეა, მაგრამ სტაბილური. უგრძელდება ინტენსიური მკურნალობა,"- აცხადებს ექიმი.
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამით, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი მოკლა, ხოლო ერთი პირი - მძიმედ დაჭრა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ მდგომარეობაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.