19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმე მცხეთიდან ცენტრალურმა კრიმინალურმა დეპარტამენტმა გადმოიბარა, ინფორმაცია ამის შესახებ დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
"საქმის მოცულობისა და ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების ინტენსივობის გათვალისწინებით, საქმეზე გაფართოვდა საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა და სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად გამოძიებას განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი," - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ.
მცხეთაში დღეს, გამოძიების მასალების მისაღებად, დაკავებულების ადვოკატები იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ძალადობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა.19 წლის ფეხბურთელი ბოლოს მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების გარემოებები კვლავ დაუდგენელია, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება.