26 აპრილი 2024,   16:32
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა და ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც 19 წლის ფეხბურთელმა ცემისას შინაგანი დაზიანებებიც მიიღო

მკვლელობა - 19 წლის ბიჭის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან მე-20 დღეს "კურიერი" პირველად ამბობს ამ სიტყვას.

გიორგი შაქარაშვილს მკვრივი-ბლაგვი საგნით 12 სახის სხვადასხვა დაზიანება სიცოცხლეში აქვს მიყენებული, მათ შორის თავის არეში. ეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაა, რის საფუძველზეც დღეს საქმეს ახალი მუხლი დაემატა - ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.

ბრალი დამძიმებულია, ახლა გასარკვევია ვინ არის, ან ვინ არიან ის პირები, ვინც გიორგი შაქარაშვილს სცემა და სიკვდილამდე მიიყვანა.

ოჯახი დარწმუნებულია, რომ გიორგი შაქარაშვილი არაგვში ჯერ კიდევ ცოცხალი, ნაცემი გადააგდეს ან დაახრჩვეს და შემდეგ წყალს გაატანეს, და კიდევ ერთი: ყველა ის ადამიანი, ვინც მეტი იცის ამ საქმეზე, მაგრამ მალავს, არ ყვება ან ჩუმადაა, თანაბრადაა პასუხისმგებელი 19 წლის ბიჭის სიკვდილზე. განსაკუთრებით იმ ექვსეულის, რომელიც ხიდთან მეორე მანქანით მივიდა და იქ მყოფებს ფიზიკურად გაუსწორდა.

სისხლნაჟღენთი დაზიანება შუბლზე, სისხლჩაქცევები ორივე თვალზე და ტუჩებზე. დაზიანებები მარჯვენა მხარსა და იდაყვზე, სისხლნაჟღენთები მუცლის მარცხენა ნაწილში, თეძოზე, მარცხენა საზარდულთანბოქვენსა და საზარდულის მარჯვენა მხარეს, წელის მარჯვენა ნაწილი, ორივე დუნდულო - ესაა დაზიანებები, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით გიორგი შაქარაშვილს გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით ან საგნებით მიაყენეს.

დოკუმენტი ადასტურებს, რომ 19 წლის ფეხბურთელი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შეიარაღებულმა პირებმა სცემეს. როგორც ექსპერტი ამბობს, ამ დაზიანებებს ახალგაზრდას შიშველი ხელებით ვერ მიაყენებდნენ და ფიზიკურ ძალადობაში ერთზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

ექსპერტიზით დგინდება, რომ მდინარე არაგვში მოხვედრისას გიორგი შაქარაშვილი ცოცხალი იყო, რადგან გარდაცვალების მიზეზია ასფიქსია, თუმცა ახლა გამოძიებამ უნდა უპასუხოს მთავარ კითხვას - როგორ აღმოჩნდა ნაცემი ახალგაზრდა წყალში. 

ექვსეული, რომელზეც შაქარაშვილის ბიძა საუბრობს, "ტოიოტას" მარკის მანქანით ხიდთან მას შემდეგ მივიდა, რაც ტერიტორია ასევე ნაძალადეველების პირველმა შემადგენლობამ დატოვა. ამ ეპიზოდში აგარკზე ნაცემი ჩიქოვანი, მორაგბეები - მახარაძე და გაგნიძე, ნიკა რევაზიშვილი, აკაკი ქვრივიშვილი და არასრულწლოვანი ზ.ხ. მონაწილეობდნენ. სწორედ ისინი დაედევნენ ახალგაზრდებს ბოლოს და ბოლოებმა ნახეს შაქარაშვილიც.

პროკურატურამ დღევანდელი ექსპერტიზის შემდეგ საქმის კვალიფიკაცია დააზუსტა. ახლა გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ექსპერტიზის 9 გვერდიანი დასკვნიდან ირკვევა, რომ ცემისას გიორგი შაქარაშვილმა გარეგანის გარდა შინაგანი დაზიანებებიც მიიღო.

ასევე მდინარე არაგვის ხიდთან ჩხუბისას 19 წლის ფეხბურთელი ფხიზელი იყო. ორგანიზმში სპეციალისტებმა ვერც ნარკოტიკული ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს.

დღის ამბები