26 აპრილი 2024,   12:07
ვრცლად
ოპოზიცია ფიქრობს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გუშინდელმა შეხვედრამ მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები ასახა

ხმაურიანი საკომიტეტო განხილვების შემდეგ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ მომზადებულ კანონპროექტს დღეს სესიაზე პირველი მოსმენით გაიტანენ.

მთავარი შენიშვნა უკავშირდება ეროვნული კომისიისთვის უფლების მინიჭებას, რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს დროებითი მმართველი დაუნიშნოს ორგანიზაციას, სადაც გარკვეული რისკები გამოიკვეთება. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დროებითი მმართველის დანიშვნა მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით იქნება შესაძლებელი. შედგა არაერთი შეხვედრა საბოლოოდ კონსენსუსის მისაღწევად და სხვა სადავო საკითხზე პოზიციების შესათანხმებლად, თუმცა უცნობია კიდევ რა ცვლილებები აისახება საბოლოოდ პროექტში.

საბოლოო ვარიანტი კანონპროექტის დეპუტატებს არ ჩაბარებიათ და როგორც უმრავლესობაში განმარტავენ, პირველი მოსმენის შემდეგ სესიაზე გარკვეული საკითხები დაზუსტდება და სწორედ ამის შემდეგ აისახება ეს ცვლილებები უკვე მეორე მოსმენისთვის გამზადებული კანონპროექტის რედაქტირებულ ვერსიაში.

დროებითი მმართველის დანიშვნის წესთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმება შედგა, თუმცა ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ გუშინდელმა შეხვედრამ მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები ასახა პროექტში და საკუთრების უფლების კონტროლის მიმართულება კვლავ პრობლემურ ნაწილად რჩება.

"დარჩა ყველა ის უაღრესად ცუდი ინიციატივები, რაც იყო თავიდან წარდგენილი. მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები იქნა შეტანილი კანონში. რა დიდი შეღავათია ის, რომ დროებითი მმართველი ინიშნება სასამართლოს ნებართვით და შემდეგ სასამართლოს ნებართვით, და ჩვენი სასამართლო რა არის კარგად ვიცით, დანიშნული დროებითი მმართველი ანგრევს უკვე ამ ბიზნესს," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

როგორც პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ აღნიშნა, ელექტრონული კომუნიკაციების კანონპროექტის ყველაზე მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფოს კერძო ბიზნესში საკუთრების უფლების თვალსაზრისით ჩარევა  სასამართლოს გარეშე შეუძლია.

"ოპოზიციისა და კერძო ბიზნესის ძალიან ინტენსიური პროტესტის და მწვავე განხილვების შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ გარკვეული შეთანხმებები იყოს მიღწეული სასამართლოს ნაწილში. ყველაზე მთავარი პრობლემაა ამ კანონპროექტის არის ის, რომ სასამართლოს გარეშე შეუძლია სახელმწიფოს ჩაერიოს კერძო ბიზნესში საკუთრების უფლების თვალსაზრისით, ეს არის ყველაზე მთავარი. ნაწილობრივ ეს პრობლემა აღმოიფხვრა," – აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ.

უმრავლესობა განცხადებას აკეთებს იმის შესახებ, რომ ოპოზიციის ნაწილს აქვს განსაკუთრებული დაინტერესება აკრიტიკოს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტი. მაგალითად მოჰყავთ სერგი კაპანაძე და არგუმენტად ასახელებენ იმას, რომ მისი ძმა ერთ-ერთი პროვაიდერის "კავკასუს ონლაინის" იურისტია.

"დათმობაზე ყველა წავიდა, როგორც მარეგულირებელი, ასევე თვითონ ინდუსტრია. საბოლოო ჯამში კონსენსუსი შედგა და ჩვენ ახლა ამ კონსენსუსის დადასტურებას ვიხილავთ მეორე მოსმენით, სადაც ეს ყველაფერი აისახება ტექსტში. მისი ძმა მაგალითად არის პირდაპირ მხარე და დაინტერესებული პირი. მართლაც გასაკვირი იყო სერგი კაპანაძის ასეთი აქტიურობა იმ კომიტეტზე, რომლის წევრიც არ არის," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.

დღის ამბები