19 წლის ფეხბურთელის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში, ანი გაბეჩავას დაბადების დღის სტუმრები დღეს ხელმეორედ გამოიკითხნენ, მათ შორის ისინი, ვინც თემქის სახლის ეპიზოდში ფიგურირებენ - ლიზი ნადირაძე და მარიამ ხატისკაცი, ორივე შაქარაშვილის მეგობარია.
შაქარაშვილის საქმის ერთ ეპიზოდს სწავლობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც, საქმე ეხება სამართალდამცველის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას. საუბარია არასრულწლოვან ზ.ხ-ზე, რომელზეც, როგორც ადვოკატი ამბობს, ფიზიკური ზეწოლა სამართალდამცველის მხრიდან, მცხეთის განყოფილებაში, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით განხორციელდა.
არასრულწლოვან ზ.ხ-ს დღეს ექსპერტიზაც ჩაუტარდა. ექსპერტებმა უნდა დაადგინონ აქვს თუ არა, არასრულწლოვანს 19 ივნისის ღამეს მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაზიანებები მიღებული. ადვოკატი გელხაური ამბობს, რომ ის ჩხუბში არ მონაწილეობდა და გარეგანი დათვალიერებით არც დაზიანებები აღენიშნება.
შაქარაშვილის საქმის მასალები 18 ტომს მოიცავს. ახალი ჩვენებებითა და მასალებით ირკვევა ისიც, რომ გამოძიება შაქარაშვილის გარდაცვალების კიდევ ერთ ვერსიაზე მუშაობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამატებითი ექსპერტიზის ჩასატარებლად სამხარაულის ეროვნულ ბიუროს უკვე მიმართა. ექსპერტიზამ ამ შემთხვევაში უნდა უპასუხოს კითხვას - ის დაზიანებები, რომელიც ფეხბურთელმა მიიღო განვითარდა თუ არა, ხიდიდან ვარდნის შედეგად, შაქარაშვილის ბიძა მიიჩნევს, რომ გარდაცვალების ყველა შესაძლო ვერსიის განხილვა მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ კვლევის პროცესში ოჯახის ინიციატივით დამოუკიდებელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.
მე-18 ტომში დევს ვახო ჩიქოვანის სამედიცინო დასკვნაც, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ თავის არეში არსებული ღია ჭრილობა ჩიქოვანმა სახლში დაცემის შედეგად მიიღო. ირკვევა, რომ მან სამედიცინო დაწესებულებას ღამის სამ საათზე მიაკითხა და ჭრილობის მიზეზად დაცემა დაასახელა. ჩიქოვანს თან არასრულწლოვანი ზ.ხ ახლდა, რომელიც მისი წარმომადგენელი იყო და საავადმყოფოშიც ჩიქოვანის დაზიანებების მიზეზი ხელმოწერით დაადასტურა.
შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული, სასამართლო პროცესები 2 კვირაში დაიწყება.
ავტორი: სალომე უერთაშვილი