გარდაბანში ვირუსის გავრცელების რისკები ყოველდღიურად მატულობს. გაჩიანში, რომელიც სამ სოფელს აერთიანებს, ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 36-მდე გაიზარდა. ადგილზე ეპიდემიოლოგები ისევ ეძებენ დადასტურებული შემთხვევების პირდაპირ და ირიბი კავშირებს. მუნიციპალიტეტში სპეციალისტების 6 ჯგუფი მუშაობს. გაფართოებული კვლევები მესამე დღეა გრძელდება. სოფლებში შემსვლელ- გამომსვლელებს თერმოსკრინინგი უტარდებათ.
მუნიციპალიტეტში, სადაც 7 000 ადგილობრივი ცხოვრობს, 4 მოქალაქის ინფიცირების წყარო დაუდგენელია. ადგილზე მიზნობრივი ტესტირება მიმდინარეობს, მოსახლეობის ნაწილი მონაცემების გადამოწმებაზე წინა დღეებისგან განსხვავებით, უარს აღარ ამბობს, ნაწილი კი თავს იკავებს.
იმ შემთხვევაში, თუკი გარდაბნის რაიონში სრულად არ გამოიკვლევენ მოსახლეობას, საკარანტინო ზომების გამკაცრება გამორიცხული არ არის. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში მონაწილეობა მიიღონ.
გარდაბანი, რომ შესაძლოა კვლავ კორონავირუსის ეპიცენტრი გახდეს და იქ საკარანტინო პირობები გამკაცრდეს, პრემიერმა დღეს მთავრობის სხდომაზე არ გამორიცხა. გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორის საკოორდინაციო შტაბი მზად არის, რომ მუნიციპალიტეტში შესაბამისი უსაფრთხოების ზომები მიიღოს.
კონტროლი მკაცრდება მთელი საქართველოს მასშტაბით ბაზრებსა და ბაზრობებზე. ვინაიდან გარდაბნის მოსახლეობა თბილისში, სწორედ ასეთ ზონებში მუშაობს. ქვეყნის მთავრობის მეთაურმა დღეს მოქალაქეებსაც მიმართა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტი საქართველოში ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. აქ ორი თვის განმავლობაში მშვიდი სიტუაცია იყო, თუმცა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა.